კანადა რუსეთიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტს კრძალავს
კანადის მთავრობამ რუსული ფოლადისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების რეჟიმის ნაწილია.
შესაბამისი გადაწყვეტილება კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქციები ეხება არა მხოლოდ ფოლადსა და ალუმინს, არამედ წარმოებულ პროდუქტებს. კერძოდ, რკინიგზისა და ტრამვაის ლიანდაგების წარმოებას.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას კანადის ვიცე-პრემიერმა კრისტია ფრილანდმა განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთის დასუსტებას.
Industry Canada-ს მონაცემებით, ქვეყანამ 2021 წელს რუსეთიდან 208 მილიონი დოლარის ფოლადის პროდუქცია შემოიტანა, 2022 წელს კი 79 მილიონი დოლარის. ხოლო 2021 და 2022 წლებში, კანადამ რუსეთისგან შესაბამისად, 44 მლნ და 16 მლნ დოლარის ალუმინი შეისყიდა.
რუსეთის ვაჭრობა კანადასთან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველი ათი თვის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, ექსპორტის კლება ერთ წელიწადში 78%-ია.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან ალუმინის იმპორტზე 200%-იანი გადასახადი დაწესდა.
რუსეთი მსოფლიოში სიდიდით ლითონის მეორე მწარმოებელია.
სხვა სიახლეები
ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა
06.11.2025.18:54
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა. შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ ათენში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის (Partnership for Transatlantic Energy Cooperation – P-TEC) რიგით მე-6 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ - ის პოტენციური თანამშრომლობის საკითხები რეგიონისა და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე მოვლენების, მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონული ენერგეტიკული პროექტების სანდო პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების, მაგალითად, ნავთობისა და გაზის, ევროკავშირის ბაზრებზე ტრანსპორტირებას. ასევე ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას და მასში საქართველოს, როგორც ამ მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრალური მონაწილე ქვეყნის, წამყვან ადგილს. „ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ევროპის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.