გლობალურ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 6.9%-ით შემცირდა - Galt & Taggart
2024 წლის ოქტომბერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 6.9%-ით შემცირდა. როგორც Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, ევროპული გაზის ფასები სწრაფად
შემცირდა მას შემდეგ, რაც Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ევროპელი შემსყიდველები
აზერბაიჯანულ „სოკართან“ უკრაინის ტრანზიტის გასაგრძელებლად ხელშეკრულების გაფორმებასთან იყვნენ
ახლოს. მოგვიანებით, სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, თუმცა გაზსადენის სამომავლო ბედი ჯერ კიდევ უცნობია.
„ევროკომისიის მიხედვით, ევროპა რუსული გაზისგან დამოუკიდებლობას ემხრობა და მზადაა უკრაინული
ტრანზიტის შეწყვეტისთვის. მოთხოვნის მხარეს ევროპა თბილი ნოემბრის მოლოდინშია. თვის განმავლობაში კონტინენტზე ტემპერატურა 30-წლიან საშუალოზე თბილი იქნება, რაც ბუნებრივ აირზე მოთხოვნას შეამცირებს. დამატებით, არსებული მარაგების 95% სავსეა, როცა სამიზნე მაჩვენებელი გათბობის სეზონის დაწყებისას 90% არის. სავსე მარაგებს კონტინენტის ზამთრის მოხმარების თითქმის მესამედის უზრუნველყოფა შეუძლია“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა, მეორე კვარტალში კი ელექტრომობილებთან დაკავშირებული $3 მილიარდის ხარჯები აღრიცხა
13.11.2026.15:00
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა სამშაბათს წლიური მოგების პროგნოზი 20%-ით გაზარდა, რაც აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნითა და იენის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კომპანიამ ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით დამატებით 3 მილიარდი დოლარის ხარჯები აღრიცხა.
Honda-ს კვარტალური ფინანსური შედეგები, ისევე როგორც გასულ კვირას გამოქვეყნებული Toyota Motor-ის შედეგები, აჩვენებს, რომ იაპონელი ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე, სადაც იზრდება მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე და არა ელექტრომობილებზე. ამასთან, აღნიშნულ ბაზარზე მათ ჩინელ კონკურენტებთან კონკურენცია არ უწევთ.
Honda-ს ელექტრომობილების ბიზნესთან დაკავშირებული დამატებითი ჩამოწერა მოჰყვა წინა ფინანსურ წელს აღრიცხულ 9 მილიარდ დოლარზე მეტ ხარჯს, რის შედეგადაც იაპონიის სიდიდით მეორე ავტომწარმოებელმა თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა წლიური ზარალი.
ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულმა Honda-ს ჯამურმა ხარჯებმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ტრადიციულ ავტომწარმოებლებს შორის ელექტრომობილების მიმართულებით განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური დანაკარგია.