გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებული სარატიფიკაციო სიგელი გადასცა. შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულების კუთხით. მისი თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს WTO-ს იმ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაძლიერებას. „თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისადმი ჩვენი მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მუდმივ მონაწილეობას საზღვაო რესურსების მდგრადი და პასუხისმგებლიანი გამოყენების საერთაშორისო ჩართულობაში. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრების კოლექტიურ ძალისხმევას ამ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას მისი ეფექტური განხორციელების მიმართულებით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმებით, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, დაბალი იმპორტის ტარიფებითა და მინიმალური არასატარიფო რეგულაციებით, აგრეთვე აგრძელებს სწრაფვას, შექმნას პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებები როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა მსხვილ ბაზრებთან, საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის ბაზარზე წვდომის გაზრდილ შესაძლებლობებს,"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფა დღეს არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე და ხელი შეუწყეს მის სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში.
აღსანიშნავია, რომ თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება 2022 წლის 17 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე მიიღეს. შეთანხმების მიზანია მეთევზეობის სექტორში აიკრძალოს სუბსიდიები, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორი, ნგოზი ოკონჯო ივეალა საქართველოში, თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.