ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
„ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის რეჟიმი სასარგებლოა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც, მაგრამ მესამე ქვეყნების მოქალაქეები თუ ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თანამშრომლობას თავს არიდებენ“, - ციტირებს პრესსამსახური პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ახალი მექანიზმის თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
1. უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის პოლიტიკის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა.
2. ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციის სანაცვლოდ.
3. ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტები უსაფრთხოების პროცედურების კუთხით, კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები.
4. საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
გარდა ამისა, ევროკავშირს სურს, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა ცხრა თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივდეს და შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 24 თვით.
როგორც ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ოფიცალურ მიღებამდე საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.
სხვა სიახლეები
ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება
07.04.2026.17:03
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.
„ოქროს ხანა, ოქროს მოვლენა უნგრეთ-აშშ-ის ისტორიაში. მოხარული ვარ შევხვდე ბუდაპეშტში ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ისტორიული მომენტი. პირველი ამგვარი ვიზიტი უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში დღეს ჩავიდა.