ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
„ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის რეჟიმი სასარგებლოა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც, მაგრამ მესამე ქვეყნების მოქალაქეები თუ ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თანამშრომლობას თავს არიდებენ“, - ციტირებს პრესსამსახური პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ახალი მექანიზმის თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
1. უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის პოლიტიკის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა.
2. ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციის სანაცვლოდ.
3. ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტები უსაფრთხოების პროცედურების კუთხით, კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები.
4. საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
გარდა ამისა, ევროკავშირს სურს, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა ცხრა თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივდეს და შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 24 თვით.
როგორც ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ოფიცალურ მიღებამდე საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:18
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.