ევროკავშირში ბოსტნეული 26%-ით გაძვირდა
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სამომხმარებლო ფასები 2021 წელთან შედარებით საშუალოდ 26%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ გასულ კვირას ევროპის სტატისტიკურმა სააგენტომ Eurostat-მა განაცხადა.
„2022 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე საშუალო ფასები წინა წელთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში 26%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია ევროსტატის განცხადებაში.
ფასების ზრდამ პიკს მიაღწია 2022 წლის მესამე კვარტალში - 30% 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. ყველაზე მეტად კვერცხზე და ღორის ხორცზე ფასი შესაბამისად 64%-ით და 52%-ით გაიზარდა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა უნგრეთში (+53%), პოლონეთში (+44%) და გერმანიაში (+38%). ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა მალტაში (+4%), საფრანგეთში (+14%), იტალიასა და კვიპროსში (თითო +15%).
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უზბეკეთი $100 მილიონიანი დაფინანსებით ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების მოდერნიზაციასა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობას გეგმავს
05.11.2026.14:00
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც უზბეკეთს ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდაში დაეხმარება. პროექტის ფარგლებში მოდერნიზებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელია დაახლოებით 11 700 დამატებითი და უფრო ხარისხიანი სამუშაო ადგილის შექმნის ხელშეწყობა.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა მიზნად ისახავს ელექტროქსელის შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მან შეძლოს განახლებადი ენერგიის უფრო დიდი მოცულობის მიღება და მისი შინამეურნეობებისა და ბიზნესისთვის მიწოდება.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი პროგრამას აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად აფინანსებს, ორი ინსტიტუტის გლობალური სრული ურთიერთნდობის ჩარჩოს (Full Mutual Reliance Framework – FMRF) ფარგლებში. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს პროგრამის მომზადებისა და ზედამხედველობის ერთიან მიდგომას, რაც მთავრობისთვის ტრანზაქციული ხარჯებისა და ადმინისტრაციული პროცედურების დუბლირების შემცირებას უზრუნველყოფს.
აზიის განვითარების ბანკმა უზბეკეთის მთავრობისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხი 2026 წლის 30 სექტემბერს დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოყოფილ 100 მილიონ აშშ დოლართან და უზბეკეთის მთავრობის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ 71 მილიონ აშშ დოლართან ერთად, პროგრამის დაფინანსების საერთო მოცულობა 371 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
უზბეკეთი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრის 25 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს, რაც უფრო ძლიერი და თანამედროვე ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარებას მოითხოვს.
ქვეყნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი ათწლეულების წინ აშენდა, ხოლო მრავალი ქვესადგური გადატვირთულია, რაც იწვევს ელექტროენერგიის დანაკარგებსა და მიწოდების შეფერხებებს. აღნიშნული პრობლემები გავლენას ახდენს შინამეურნეობებზე, ბიზნესზე, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე.
ეკონომიკის სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ქსელის მოდერნიზაციას ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცევს.
პროგრამას განახორციელებს სააქციო საზოგადოება „უზბეკეთის ეროვნული ელექტროქსელი“ (National Electric Grid of Uzbekistan – NEGU).
პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 60 მნიშვნელოვანი ელექტროქვესადგურის მოდერნიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებასა და ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესებას.