ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სახით „გარიგებების დედა“ გააფორმეს.
„ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ გარიგებების დედა გავაფორმეთ. 2-მილიარდიან ბაზარს ვქმნით. ეს არის ორი გიგანტის, მსოფლიოს მეორე და მეოთხე უდიდესი ეკონომიკების ისტორია. ეს არის ისტორია ორი გიგანტისა, რომელმაც აირჩია პარტნიორობა ურთიერთმომგებიანი პირობებით. ეს არის ძლიერი გზავნილი, რომ თანამშრომლობა არის საუკეთესო პასუხი გლობალურ გამოწვევებზე. ვაჭრობა ჩვენი პროდუქციის გაცვლას შეუწყობს ხელს და ჩვენს ერთობლივ საწარმო შესაძლებლობებს გააძლიერებს. მისი წყალობით წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობის საექსპორტო გადასახადების შემცირება გახდება შესაძლებელი. ინდოეთსა და ევროპაში მილიონობით ადამიანისთვის კარგი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ევროკავშირმა და ინდოეთმა დღეს ნიუ-დელიში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, 2032 წლისთვის ევროკავშირი ინდოეთში ექსპორტს გააორმაგებს. ინდური მხარე ევროპულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს ან საერთოდ გააუქმებს. ევროპულ კომპანიებს ინდოეთის ბაზარზე პრივილეგირებული წვდომა ექნებათ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
მეხსიერების ჩიპები დეფიციტშია - TBC Capital დარგის გლობალურ გამოწვევებზე
17.02.2026.19:00
მაშინ, როცა ტექნოლოგიური სექტორის აქციები თავისუფალ ვარდნაშია, მეხსიერების ჩიპების მწარმოებლების – Samsung, Sandisk და Micron – ღირებულება ასტრონომიული სიჩქარით იზრდება. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამის მთავარი კატალიზატორი ხელოვნური ინტელექტის ბუმია.
ტექნოლოგიური გიგანტები – Google, Amazon და OpenAl აქტიურად აშენებენ უზარმაზარ მონაცემთა ცენტრებს Al პროგრამებისა და მოდელების სამართავად.
„პროგნოზების თანახმად, მხოლოდ 2026 წელს ამ ინფრასტრუქტურაზე 600 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება. ამ სისტემებს კოლოსალური მოცულობის, სპეციალიზებული და მაღალსიჩქარიანი მეხსიერების პროცესორები ესაჭიროებათ; შედარებისთვის, ერთ Al სერვერს იმდენივე მეხსიერება სჭირდება, რამდენიც ათას ფლაგმანურ სმარტფონს, დიდი მონაცემთა ცენტრები კი ხშირად 100,000-ზე მეტ სერვერს მოიცავს.
უპრეცედენტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩიპების მწარმოებლებმა საწარმოო ხაზები სრულად გადააწყვეს. პრიორიტეტი ახლა Al-სთვის განკუთვნილი სპეციალური მეხსიერებაა, რამაც სტანდარტული ლეპტოპებისა და ტელეფონების კომპონენტებზე მწვავე დეფიციტი შექმნა. მიწოდების სიმცირემ ფასების შოკური ზრდა გამოიწვია — ზოგიერთ შემთხვევაში ღირებულება ერთ თვეში 75%–ით გაიზარდა. ბაზარზე შექმნილ ვითარებას ანალიტიკოსები უკვე „RAM-მაგედონს“ (RAMmageddon) უწოდებენ.
Apple-ისა და Sony-სთვის, რომელთაც სმარტფონებისა და კონსოლების თვითღირებულება ეზრდებათ, ეს მოგების მარჟის შემცირებას ნიშნავს. სამაგიეროდ, ჩიპების მწარმოებლები რეკორდულ მოგებას ნახულობენ. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან მიწოდების გასაზრდელად საჭირო ახალი ქარხნების მშენებლობას წლები სჭირდება. მოცემულ მომენტში ძალაუფლება იმ კომპანიების ხელშია, რომლებიც Al რევოლუციისთვის საჭირო ფუნდამენტურ „სამშენებლო ბლოკებს“ აწარმოებენ“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.