დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთების დაუყოვნებლივ შესამცირებლად სპეციალური სხდომა უნდა გამართოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთების ახლავე შესამცირებლად საგანგებო შეხვედრა უნდა ჩაატაროს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ reuters-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის ეს მოწოდება მოჰყვა მის დაბრუნებას თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ვაშინგტონიდან გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური რეაგირება და განაკვეთების დაწევა დაუყოვნებლივ არის საჭირო შექმნილი ვითარების ფონზე.
სხვა სიახლეები
ოქროს ფასი ეცემა, რადგან ინფლაციური შიში ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების შემცირების მოლოდინზე ზეწოლას ახდენს
16.03.2026.18:38
ორშაბათს ოქროს ფასები შემცირდა. ამის მიზეზი გახდა შიში იმისა, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა ინფლაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი. ეს კი აიძულებს წამყვან ცენტრალურ ბანკებს, მათ შორის აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას (Fed), გაატარონ უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რაც ამცირებს ინტერესს ოქროს მიმართ, როგორც არამომგებიანი (დივიდენდის არმქონე) აქტივისადმი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
გრინვიჩის დროით (GMT.) 09:44 საათისთვის, ოქროს ფასმა ბირჟაზე (Spot Gold) 0.7%-ით დაიწია და უნციაზე 4,983.17 დოლარი შეადგინა. აშშ-ის ოქროს აპრილის ფიუჩერსები კი 1.5%-ით შემცირდა და 4,987.30 დოლარზე ჩამოვიდა.
„ოქროს ბაზარმა ყურადღება ჰორმუზის სრუტის ვაჭრობის შეფერხების შედეგებიდან გრძელვადიანი ინფლაციის მოსალოდნელ შედეგებზე გადაიტანა“, - განაცხადა Natixis-ის ანალიტიკოსმა, ბერნარ დადამ.
„ნავთობზე მაღალი ფასები ნიშნავს მაღალ ინფლაციას, რაც გავლენას ახდენს ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე (Fed). შესაძლოა, უწყებამ პოლიტიკა შეცვალოს და საპროცენტო განაკვეთების შემცირება შეწყვიტოს, ეს კი ოქროს ფასებზე დაღმავალ ზეწოლას ახდენს“.
ნავთობის ფასი ბარელზე 104 დოლარს ზემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე თვეში ის 40%-ზე მეტით გაიზარდა და 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა თეირანს ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების შეჩერებისკენ უბიძგა.
კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა. ირანული ძალები აგრძელებენ თავდასხმებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო გზაზე აშშ-ისრაელისა და ირანის ომის ფონზე, რომელიც უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს.
ამ კვირაში ფედერალური სარეზერვო სისტემა ორდღიან სხდომას გამართავს, სადაც, საყოველთაო მოლოდინით, საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებს.
მიმდინარე კვირაში სხდომებს გამართავენ სხვა ცენტრალური ბანკებიც, მათ შორის: ევროპის ცენტრალური ბანკი, ინგლისის ბანკი და იაპონიის ბანკი. მთავარი ყურადღება დაეთმობა პოლიტიკოსების მიერ ირანის ომის გავლენის შეფასებას ინფლაციაზე, ეკონომიკურ ზრდასა და სამომავლო ნაბიჯებზე.
„ჩვენ ველით, რომ ცენტრალური ბანკები ფხიზლად დააკვირდებიან ინფლაციურ რისკებს, თუმცა საპროცენტო განაკვეთების ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ზრდას არ მიმართავენ“, - ნათქვამია UBS-ის მიმოხილვაში.
„გარდა ამისა, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აშშ-ირანის კონფლიქტი, მით უფრო იზრდება უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ოქროზე, როგორც ჰეჯირების (რისკების დაზღვევის) საშუალებაზე, მოთხოვნის ზრდას“.
რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს - ვერცხლის ფასი 2.6%-ით დაეცა და უნციაზე 78.46 დოლარი შეადგინა. პლატინის ფასი 2,024.85 დოლარზე შენარჩუნდა, ხოლო პალადიუმის ღირებულებამ 0.5%-ით დაიკლო და 1,542.92 დოლარი შეადგინა.