აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გაურკვევლობის ფონზე ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან იწყებს
ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან იწყებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.
„დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან. საუბრის დროს შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე. ეს არის ევროკავშირსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან კავშირების გამყარების კატალიზატორი შეიძლება გახდეს“, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკომისარი მაროშ შეფჩოვიჩი მალე გაერთიანებულ არაბთა საამიროებს ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს.
სხვა სიახლეები
Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა, მეორე კვარტალში კი ელექტრომობილებთან დაკავშირებული $3 მილიარდის ხარჯები აღრიცხა
13.11.2026.15:00
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა სამშაბათს წლიური მოგების პროგნოზი 20%-ით გაზარდა, რაც აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნითა და იენის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კომპანიამ ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით დამატებით 3 მილიარდი დოლარის ხარჯები აღრიცხა.
Honda-ს კვარტალური ფინანსური შედეგები, ისევე როგორც გასულ კვირას გამოქვეყნებული Toyota Motor-ის შედეგები, აჩვენებს, რომ იაპონელი ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე, სადაც იზრდება მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე და არა ელექტრომობილებზე. ამასთან, აღნიშნულ ბაზარზე მათ ჩინელ კონკურენტებთან კონკურენცია არ უწევთ.
Honda-ს ელექტრომობილების ბიზნესთან დაკავშირებული დამატებითი ჩამოწერა მოჰყვა წინა ფინანსურ წელს აღრიცხულ 9 მილიარდ დოლარზე მეტ ხარჯს, რის შედეგადაც იაპონიის სიდიდით მეორე ავტომწარმოებელმა თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა წლიური ზარალი.
ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულმა Honda-ს ჯამურმა ხარჯებმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ტრადიციულ ავტომწარმოებლებს შორის ელექტრომობილების მიმართულებით განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური დანაკარგია.