სომხეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან - ვილი სანიოლი
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩებს სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში გამართავს.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 17 მარტს დაიწყებს. შეკრებამდე დაწყებამდე, ტრადიციული პრესკონფერენციის ფარგლებში, მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს.
პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მასპინძელ სასტუმრო პარაგრაფ თბილისში შედგა.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "სომხეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან. B ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მჯერა, რომ სწორედ აქ არის ჩვენი ადგილი. ასე რომ, კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ეს. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან ახალი სეზონის კარგად დასაწყებად.
ბოლო ორი წელი ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან დატვირთული იყო. ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ და გადაღლილები იყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, თუმცა ამისთვის მზად ვიყავით. ახლა, ზამთრის შესვენების შემდეგ, უკეთეს ფორმაში არიან და მარტში ბევრად უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ, ვიდრე ნოემბერში გვქონდა.
გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია პირველ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ჩვენთან ერთად იქნებიან და მეორე თამაშისთვის მოემზადებიან. გამოგვაკლდება გუნდის კაპიტანი და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა ეს შესაძლებლობას მისცემს სხვა მოთამაშეებს. მაგალითად, გოგლიჩიძეს, რომელსაც ადრეც შეეძლო სასტარტოში თამაშის დაწყება, მაგრამ ტრავმა მიიღო. ველოდები მის თამაშს, რადგან ის, რაც ემპოლიში აჩვენა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
სომხეთთან პირველ მატჩში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ბევრი დისკუსია გვქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ის კლუბშიც კაპიტანია, იცის რას ნიშნავს ეს როლი და როგორ უნდა მოიქცეს მოედანზე. ოთარ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ.
ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, რომლის შეცვლა ძალიან რთულია. მისი არყოფნა მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელებს, მაგალითად ჩაკვეტაძეს და დავითაშვილს, მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ.
ლაცაბიძე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, თუ შრომა გააგრძელა ის ამ ნაკრების მომავალი იქნება. თუ სამომავლოდ მისი გამოყენება მსურს, უფრო ხშირად უნდა ვნახო საქმეში. ივნისში ეს არ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ახლა.
ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ყოველთვის ეროვნული ნაკრებია, თუმცა ამ ზაფხულს, ივნისში, პრიორიტეტული ახალგაზრდული ნაკრები იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირებზე თამაში, რადგან იქ მიღებული გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული გუნდისთვის.
ჩვენი საოცარი გულშემატკივრების და მოტივირებული და ძლიერი ფეხბურთელების გარეშე ვერასდროს მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. ძალიან ვაფასებ, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, როგორც საქართველოში, ისე გასვლით თამაშებზე".
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დინამო არენაზე დაბრუნება. პრინციპული მატჩები გველის, რადგან B ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის. ამიტომ, წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია და დინამო არენაზე შეკრებული გულშემატკივარი დიდი ძალაა ჩვენთვის. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, დინამო არენაზე პირველად ვითამაშებთ და ამ სტადიონზე დაბრუნება გვახარებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. ახლა კი, ზაფხულში ეროვნულ გუნდს მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ".
საქართველო - სომხეთის პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 23 მარტს, თბილისში შედგება.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.