,,შესანიშნავი შვიდეულის“ - მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ტენდენციები და შედარება
გიზიარებთ ბლოგს:
ჩვენი 2025 წლის მეორე ნახევრის მოლოდინების მიმოხილვაში ერთ-ერთ მთავარ თემად დავასახელეთ ე.წ. “შესანიშნავი შვიდეულის”- Microsoft Corporation (MSFT), Alphabet Inc., (GOOGL) Amazon.com, Inc. (AMZN), Meta Platforms, Inc. (META), NVIDIA Corporation (NVDA), Apple Inc. (AAPL), Tesla, Inc. (TSLA)- აქციების ფასების კორექციის რისკი.
იქიდან გამომდინარე, რომ აქციების ბაზრის ბოლოდროინდელი ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიური გიგანტების ჯგუფი იყო, გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად შენარჩუნდებოდა ზემოთხსენებული 7 კომპანიის დომინაცია და ბაზრის მაღალი კონცენტრაცია.
შესაბამისად, ჯგუფს უფრო სელექციურად მივუდექით და რეიტინგის სისტემა შევიმუშავეთ, რომლის საფუძველზეც „შესანიშნავი შვიდეული“-დან გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევიან.
კვლევის ფარგლებში, კომპანიები შევადარეთ შემოსავლისა და მოგების ზრდით, ფინანსური მდგრადობით, აქციის ფასის სტაბილურობითა და სხვა ძირითადი მაჩვენებლებით. ასევე გავაანალიზეთ მათზე მოქმედი ფაქტორები, როგორებიცაა სავაჭრო კონფლიქტები, რეგულაციები, კონკურენცია და სხვა.
ფაქტორებს შესაბამისი წონა მიენიჭა, რაც თითოეულ კომპანიაზე დაბალანსებულ სურათს და 360 გრადუსიან ხედვას იძლევა.
შედეგები
#1 MSFT
ჩვენი ანალიზის მიხედვით „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებს შორის Microsoft-ი პირველ ადგილს იკავებს. ჯგუფში არცერთ კომპანიას არ გააჩნია მსგავსი კომბინაცია სტაბილურობის, პროდუქტის მრავალფეროვნების, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისა და გრძელვადიან ტექნოლოგიურ ტენდენციებში სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის, Microsoft-ის აქციას ყველაზე დაბალი მერყეობა და საბაზრო ბეტა ახასიათებს, რაც ინვესტორების ნდობასა და ბიზნესის მდგრადობაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, OpenAI-სთან პარტნიორობისა და შიდა წარმოების ჩიპის პროექტის (Maia) სახით, Microsoft-ს AI მიმართულებით მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვს.
#2 GOOGL
რეიტინგის ფარგლებში, Alphabet-ი მეორე ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია პროდუქტების დაბალანსებული პორტფელით, სტაბილური ზრდითა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის პერსპექტივით.
ზრდა ყველა ძირითად სეგმენტში გრძელდება. საძიებო სერვისების შემოსავალი წელიწადში 12%-ით გაიზარდა, რაც მოლოდინებს კვლავ აჭარბებს, მიუხედავად შიშებისა იმის შესახებ, რომ გენერაციულმა AI-მ შესაძლოა ტრადიციული ძებნის ბიზნესი დააზიანოს.
კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიული ინვესტიციებიც ძალაში რჩება: DeepMind, Waymo, Verily და Isomorphic Labs ჯერ მატერიალურ შემოსავალს არ აგენერირებენ, თუმცა ისინი უზრუნველყოფენ წვდომას ისეთ მოწინავე სფეროებზე, როგორებიცაა რობოტიკა და ა.შ.
#3 AMZN
Amazon-ი, რომელიც ჩვენს სიაში მესამე ადგილზეა, თვისობრივად და მომგებიანობის მაჩვენებლების ზრდის ტემპით გამორჩეულია. ის „შესანიშნავ შვიდეულში“ ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ბიზნესია, რომელიც გარდა ელ. კომერციისა, ასევე ჯანდაცვის, მედიის, სამომხმარებლო მოწყობილობებისა და ღრუბლოვანი სერვისების სეგმენტებშიც ოპერირებს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომ Amazon-ის ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტების პლატფორმა ახლა უკვე მომხმარებლების შეკვეთების დაახლოებით 75%-ს ამუშავებს.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ამაზონი სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამს ვერტიკალური კონტროლის მოსაპოვებლად. Project Rainer-ი მრავალწლიანი ინიციატივაა, რომლის მიზანიც ღრუბლოვან ეკოსისტემაში Amazon-ის საკუთარი ჩიპების (Trainium და Inferentia) ინტეგრაციაა.
#4 NVDA
მართალია, Nvidia ჩვენს რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, მისი უნიკალური ზრდისა და დომინანტური კონკურენტული პოზიციის გამო. თუმცა, აქციის ფასის მერყეობისა და სხვა რისკების გათვალისწინებით, ჩვენს ფავორიტებს მიღმა რჩება.
ზრდის თვალსაზრისით, Nvidia სრულიად განსხვავებულ ლიგაშია. კომპანია გლობალური AI აქსელერატორების ბაზრის დაახლოებით 90%-ს ფლობს, ხოლო მისი კვარტალური შემოსავლებისა და აქციის მოგების ზრდა მუდმივად მნიშვნელოვნად უსწრებს „შესანიშნავი შვიდეულის“ ყველა წევრს.
თუმცა, ამ გამორჩეული ზრდის ფონზე, Nvidia „შესანიშნავ შვიდეულში“ შემავალი კომპანიების აქციებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მულტიპლიკატორებზე ივაჭრება, რაც ფასის კორექციის რისკებს ზრდის.
გარდა ამისა, Nvidia-ს ბიზნესი დიდწილად ერთ ტენდენციაზეა დამოკიდებული — გრაფიკული ბარათების (GPU) გაყიდვებზე ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი დატვირთვებისთვის, რაც შემოსავლების კონცენტრაციის რისკსაც აჩენს.
#5 META
Meta ჩვენს რეიტინგში დაბალ პოზიციას იკავებს — არა რაიმე გამორჩეულად სუსტი წერტილის არსებობის, არამედ შემოსავლების ბაზის კონცენტრაციისა და შედარებით დაბალი AI მონეტიზაციის გამო.
Meta ფუნდამენტურად ერთი სეგმენტის ბიზნესია, რადგან მისი შემოსავლების 98% დღემდე ციფრულ სარეკლამო სეგმენტზე მოდის.
AI-ის მიმართულებით, მონეტიზაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა, ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული გუნდისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ფონზე, კომპანია ზრდის პოტენციალს, რომ დროთა განმავლობაში უფრო მიმზიდველი გახდეს.
#6 AAPL
Apple ჩვენს ანალიზში მეექვსე ადგილს იკავებს, რაც გამოწვეულია კომპანიის შენელებული ზრდის დინამიკით, ხელოვნური ინტელექტის მონეტიზაციის გაურკვეველი პერსპექტივებით და იმით, რომ მისი შემოსავლები კვლავაც ძლიერად კონცენტრირებულია სამომხმარებლო მოწყობილობებზე.
ჩვენი ანალიზის ფარგლებში, რომელიც აქცენტს ზრდაზე, დივერსიფიკაციასა და სეკულარულ ტენდენციებზე აკეთებს, Apple კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველია.
ბოლო კვარტალებში კომპანიის შემოსავლების ზრდა შენელდა, რაც iPhone-ის, Mac-ისა და iPad-ის გაყიდვების შემცირებას უკავშირდება.
გარდა ამისა, Apple-ის ამჟამინდელი სტრატეგიული პოზიციონირება ხელოვნური ინტელექტის სფეროში მკვეთრად ჩამოუვარდება კონკურენტებს, როგორებიცაა Microsoft-ი, Google-ი და Amazon-ი.
#7 TSLA
ჩვენი რეიტინგის ფარგლებში, Tesla ბოლო პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამბიციური გრძელვადიანი ხედვა აქვს, მისი ამჟამინდელი ფუნდამენტური მაჩვენებლები ვეღარ ამყარებს იმ ნარატივს, რომელიც წარსულში მისი აქციის ფასის ზრდას ხსნიდა.
შემოსავლების ზრდა მკვეთრად შენელდა, რაც ისეთი კომპანიისთვის, რომელიც ზრდაზე ორიენტირებულ (Growth) აქციად აღიქმება - საყურადღებოა.
Tesla გაძლიერებულ კონკურენციას აწყდება ელექტრო მანქანების ბაზარზე — განსაკუთრებით ჩინური მწარმოებლების, მაგალითად BYD-ის მხრიდან, რომლებიც სწრაფად იზრდებიან გლობალურ ბაზრებზე.
მიუხედავად იმისა, რომ Optimus-ის — ჰუმანოიდი რობოტის პროექტი — უნიკალურ სეგმენტს წარმოადგენს, მის გარშემო ჯერ არც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული და არც მონეტიზაციის მექანიზმია გამოკვეთილი.
გარდა ამისა, Tesla-ს შემოსავლების დამოკიდებულება მომხმარებლის ციკლურ დანახარჯებზე, მას მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.
“შესანიშნავი შვიდეულის” აქციების შეძენას შეძლებ აქ.
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.
სამართლებრივი შეტყობინება
შპს „თიბისი კაპიტალის“ მიერ ამ არხით მოწოდებული ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებს. წინამდებარე ინფორმაცია არ არის დამტკიცებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ და არ უნდა ჩაითვალოს ოფიციალურად. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული როგორც საინვესტიციო, იურიდიული ან საგადასახადო რჩევა. ის ასევე არ წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის, გაყიდვის ან ფლობისკენ მოწოდებას ან რეკომენდაციას.
ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკთან, მათ შორის, დაბანდებული ძირითადი თანხის სრულად დაკარგვის შესაძლებლობასთან. წარსული შედეგები არ წარმოადგენს მომავალი შედეგების სანდო ინდიკატორს. ეს არხი არ იძლევა ყველა პოტენციური რისკის შეფასებას; ნებისმიერ პოტენციურ ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა რისკის იდენტიფიცირება და შეფასება წარმოადგენს თქვენს პირად პასუხისმგებლობას.
ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ უნდა ჩაატაროთ დამოუკიდებელი კვლევა და სრულყოფილი due diligence (სათანადო გულმოდგინება). ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პროფესიონალ ფინანსურ, იურიდიულ და საგადასახადო მრჩევლებთან. ამ ინფორმაციის მიღებით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „თიბისი კაპიტალი“, მისი აფილირებული პირები და მათი წარმომადგენლები თავისუფლდებიან ნებისმიერი და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ინფორმაციის გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
31.08.2025.14:00
ბიზნესის გაფართოება ხშირად იმ მომენტიდან იწყება, როცა არსებული რესურსები კომპანიის ზრდის პოტენციალს ვეღარ უმკლავდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება, მომხმარებლების რაოდენობა მატულობს, მოთხოვნა იზრდება, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა, აქტივები და კაპიტალი ვეღარ პასუხობს ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ დროს ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ღირს თუ არა სესხის აღება და თუ – კი, მაშინ როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს ისე, რომ სესხი განვითარების მასტიმულირებელი ფაქტორი გახდეს და არც დამატებითი ტვირთი.
ასეთ დროს, პირველი ნაბიჯი ყოველთვის საჭიროების შეფასებაა. ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ გაფართოება. იქნება ეს ახალი ფილიალის გახსნა, წარმოების მოცულობის გაზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი სერვისების დამატება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა თუ სხვა. მოგეხსენებათ, ბიზნესში წარმატების წინაპირობა მკაფიო და რეალისტური სტრატეგიის ქონაა. თუ ამ ფუნდამენტურ შეკითხვაზე პასუხი მკაფიო და რაციონალურია, მაშინ სესხის აღება სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს.
განვითარების სტრატეგიის დასახვის შემდეგ, აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ, რა ოდენობის თანხა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად და როგორ გამოიყენებთ მას. ზედმეტი თანხის აღება ისეთივე არასწორია, როგორც ნაკლების, რადგან ორივე შემთხვევაში წარუმატებლობის რისკები იზრდება. ამიტომაც უნდა გააკეთოთ დეტალური ბიუჯეტი, სადაც გაწერილი იქნება თითოეული ხარჯი: შესყიდვებიდან დაწყებული, მარკეტინგული აქტივობებით, საოპერაციო ხარჯებით და პერსონალის მომსახურებით დამთავრებული.
ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკისთვის სწორად მომზადებული ბიზნესგეგმის წარდგენა. როგორც წესი, ბიზნესგეგმა კომპანიის საქმიანობის აღწერას, პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალს, ბაზრის ანალიზს, კონკურენტულ უპირატესობებს, გაყიდვების პროგნოზებს, ხარჯების სტრუქტურას და სესხის გამოყენების სქემას მოიცავს. ბიზნესგეგმის მიზანია არა მხოლოდ ბანკის დარწმუნება, არამედ თქვენი საკუთარი ხედვის განმტკიცება, რათა ზუსტად იცოდეთ, რა ნაბიჯებს გადადგამთ მიღებული დაფინანსებით. თუკი ბიზნესგეგმა არ გაქვთ, მის მომზადებაში საქართველოს ბანკი დაგეხმარებათ, რომლის გუნდი ნებისმიერ დროს მზად არის, გაგიწიოთ რეკომენდაციები, მოგცეთ საჭირო რჩევები და წარმატებით მიგიყვანოთ დასახულ მიზნამდე.
გასათვალისწინებელია, რომ სესხის მოთხოვნამდე სასურველია ფინანსური ისტორიის შემოწმება და მისი ოპტიმიზაცია. მაგალითად, საქართველოს ბანკი ყურადღებას აქცევს კომპანიისა და მეწარმის საკრედიტო პროფილს, წარსულ ვალდებულებებსა და მათი მომსახურების ხარისხს. თუ წარსულში დაფიქსირდა გადახდის დაგვიანება ან სხვა ფინანსური დარღვევა, სასურველია, რომ ეს საკითხები წინასწარ მოგვარდეს. როგორც წესი, დავალიანებების დაფარვა, მიმდინარე ვალდებულებების შემცირება და საბანკო ანგარიშების გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად ზრდის ახალი სესხის დამტკიცების შანსს.
უშუალოდ სესხის მიღების პროცესი საქართველოს ბანკში მაქსიმალურად მოქნილი და სწრაფია. ბანკი არამხოლოდ აფინანსებს ბიზნესს, არამედ გეხმარებათ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, გიწევთ კონსულტაციას და გიზიარებთ რეკომენდაციებს, რათა თქვენი განაცხადი მაქსიმალურად მყარი იყოს და მიღებული დაფინანსება სწორად გამოიყენოთ.
თანაც, საქართველოს ბანკი ბიზნესის საჭიროებებსა და შემოსავლის სტრუქტურას ზუსტად ერგება. ის გთავაზობთ მოქნილ გადახდის გრაფიკს, რომელშიც ყოველთვიური გადახდები მორგებულია ბიზნესის შემოსავლებსა და სეზონურობაზე. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით სესხის ძირზე, რაც დამატებით მოქნილობას იძლევა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი წვდომას გაძლევთ საკრედიტო ხაზზე, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი კაპიტალისა და ყოველდღიური საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. ეს მექანიზმი განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დროს, როცა საჭიროა სწრაფი წვდომა კაპიტალზე, რათა ბიზნესმა შეუფერხებლად იმუშაოს და განვითარება არ შეწყვიტოს.
საერთო ჯამში, ბიზნესის გაფართოებისთვის სესხის აღება სწორი არჩევანია მაშინ, როცა ყოველი დახარჯული ლარი სამომავლო პერსპექტივაში განხორციელებულ ინვესტიციას წარმოადგენს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სესხი მხოლოდ ფინანსური ვალდებულება კი არა, განვითარების სტრატეგიული ინსტრუმენტია. თუ მას სწორად გამოვიყენებთ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ის შეიძლება თქვენი კომპანიის ტრანსფორმაციის ფუნდამენტად იქცეს.