ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო - Raimond Palace
ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Raimond Palace • რაიმონდ პალასი-ს მმართველი კომპანია „კა გრუპის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი ჯავშნების მიხედვით, 15 მარტამდე სასტუმრო უკვე 60%-ით არის დატვირთული.
„2025 წლის 15 დეკემბრიდან დატვირთულობამ 60%-ს გადააჭარბა. შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, 29 დეკემბრიდან დაახლოებით 15 იანვრამდე 95–97%-იანი დატვირთულობა გვაქვს. ზოგადად, ძალიან კარგი სეზონი ჩანს. წინასწარი ჯავშნების მიხედვით, დაახლოებით 15 მარტამდე პერიოდი თითქმის 60%-ზე მეტ დატვირთულობას აჩვენებს თითოეულ დღეზე.
ბაკურიანში ზოგადად ჭარბობენ ქართველი დამსვენებლები. რაც წელს დაემატა, წინა წლისგან განსხვავებით, არის ის, რომ სპორტული მივლინებები ბევრად უფრო დიდი რაოდენობით განხორციელდა, ვიდრე გასულ წლებში. წელს უკვე ხუთი სპორტული ჯგუფი გვყავს, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ ორი ჯგუფი იყო და ისინიც საკმაოდ მცირე რაოდენობის. ასევე, საოჯახო დასვენებისთვის ბაკურიანი ინტენსიურად გამოიყენება.
რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს, ახალი წლის პერიოდში ყოველთვის გვყავდა და ახლაც გვყავს მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრები, ძირითადად სომხეთიდან. ასევე გვყავს სტუმრები ფილიპინებიდან, ტაილანდიდან და ინდოეთიდან, აგრეთვე გალფის ქვეყნებიდან, რომელთაც თოვლი განსაკუთრებით უყვართ“, - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.
სხვა სიახლეები
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
16.01.2026.17:33
2025 წელი სასტუმრო Pullman-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალურმა მენეჯერმა სებასტიენ ვინსენტმა 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა,
„ვიზიტორების დიდი პროცენტულობა გვსტუმრობდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან. საერთაშორისო კონფერენციების კუთხითაც აქტიურობდნენ ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები.
2026 წელს ველოდებით როგორც საქმიანი ტურიზმის ზრდას საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ტურისტული ჯგუფების ზემოაღნიშული ქვეყნებიდან“, - აცხადებს სებასტიენ ვინსენტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან, (+9.1%; +8,042 ვიზიტი).
2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%).
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.