ზამთრის სეზონი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია, მზარდია ვიზიტორების დინამიკა - ირაკლი ბურჭულაძე
2025-2026 წლების ზამთრის სეზონი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია, შეინიშნება ბევრი ვიზიტორი, - აცხადებს ბაკურიანში მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი, ირაკლი ბურჭულაძე. მისი განმარტებით, მოსალოდნელია რომ სეზონი გახანგრძლივდეს.
„მზარდი დინამიკა არის. ეს ყოველთვის არის და წელსაც გამოირჩევა. შესაბამისად ყველა ტრასა ღია არის. პირველ ეტაპზე ნალექმა არ მოგვცა საშუალება, თუმცა ხელოვნური გათოვლიანების საშუალებით პირველი ბაზა მოვამზადეთ თოვლის და შემდეგ უკვე გარკვეული ნალექი იყო. თოვს ბაკურიანში და შესაბამისად მგონია, რომ სეზონი გახანგრძლივდება და საკმაოდ გრძელი სეზონი იქნება“, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი, ირაკლი ბურჭულაძე
სხვა სიახლეები
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2026 წლის პროექტები გააცნო
17.02.2026.13:21
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა.
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2025 წლის შედეგები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი გეგმები წარუდგინა.
„ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს. ამ შეხვედრაზე ერთის მხრივ შედეგები, მეორეს მხრივ კი წლევანდელი წლის გეგმები გავაცანით სექტორის წარმომადგენლებს, მოვისმინეთ მათი ახალი ინიციატივები, ჩართულობა ახლა პროექტებთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ტარდება. ტურიზმის ასოციაცია ჩვენი ძლიერი პარტნიორია და ხშირად გვაქვს ერთობლივი პროექტები და ვფიქრობ რომ მომავალშიც ეს ინიციატივები უფრო გაძლიერდება“,- განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებში, რომლის მიზანია ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა, დივერსიფიკაცია, მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვა და კერძო სექტორის ხელშეწყობა.
“შეხვედრა დაიგეგმა ასოციაციის წევრი კომპანიების ინიციატივით. ინფორმაცია მივიღეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ, გაგვიზიარეს გასული წლის შედეგები და იმ აქტივობებით მიღებული წარმატებები, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს სჭირდება სწორად განსაზღვროს სამომავლო გეგმები. ზოგადად, ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც საჯარო სექტორის მხრიდან მოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესსაქმიანობის დასაგეგმად. მარკეტინგი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის გაუმჯობესების მიმართულება, რომელიც კერძო სექტორს განსაკუთრებით აწუხებს. ამ საკითხებზე სიღრმისეული დიალოგი გაიმართა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის”,- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.