ზაფხულისთვის ჯავშნების მიღება აქტიურად მიმდინარეობს, რაც პოზიტიური ბიზნეს მოლოდინებს გვიჩენს - Bakuriani Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი
ტაბაწყურის მიმართულებით დავამატეთ სათავგადასავლო ტურები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო ბაკურიანი ინნ • Bakuriani Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, განახლდა სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურაც.
„2025 წლის მაღალი სეზონის დაწყებამდე განვაახლეთ სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს ვაკანტური პოზიციების შევსება ახალი კადრებით და, შესაბამისად, მათი გადატრენინგება.
მომსახურების მიმართულებით დავამატეთ საზაფხულო სათავგადასავლო ტურები ტაბაწყურის მიმართულებით, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს ზაფხულის სეზონი აქტიურად და შთამბეჭდავად გაატარონ“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.
Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორის განმარტებით, Bakuriani Inn-ის მაგალითზე ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შედის.
„რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს და ფასებს მიმდინარე სეზონზე – ფასები უცვლელი რჩება ჩვენი სტუმრებისთვის, ხოლო ერთგული მომხმარებლებისთვის გთავაზობთ არაერთ სპეციალურ სააქციო შეთავაზებას.
როგორც ცნობილია, ბაკურიანის ერთ-ერთი ძირითადი აუდიტორია შიდა ბაზრის მომხმარებელია. უკვე არსებული ჯავშნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტენდენცია წარმატებით ნარჩუნდება 2025 წელსაც“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.
რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონს (2025–2026 წლები), Bakuriani Inn-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ გაყიდვები უკვე დაწყებულია.
„მარკეტინგული კამპანიები ეტაპობრივად ვითარდება და, ტრადიციულად, აქტიურ ფაზაში აგვისტოს ბოლოს შევა“, - აცხადებს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.
სხვა სიახლეები
30.07.2025.16:00
სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.
„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს.
„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები, არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.
„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.
სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.
„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.
„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.
მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის.
რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ.
„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.