ვინ და რა პირობებით იფრენს პარაპლანით
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, პარაგლაიდინგის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის მთავრობის მიერ მომზადებული რეგულაციები ქვრივიშვილმა განიხილა.
მხარეებს შორის შეხვედრას ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ესწრებოდნენ.
პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი საქართველოს მთავრობამ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიიღო.
ნორმატიული აქტი ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა ის წესები, რომლებიც საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას, პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას, ამ პროცესის კონტროლის უზრუნველყოფას და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებს გულისხმობს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში.
ამასთანავე, პარაპლანით არაკომერციული ფრენები დასაშვები იქნება ფედერაციასთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.
მნიშვნელოვანია, რომ მფრინავებისთვის ფრენის კატეგორიის მინიჭება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი.
საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას, პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია" განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის ზედამხედველობას, მის მიერ მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.
წესის თანახმად, ფედერაციის ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განუსაზღვროს ფედერაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა.
აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
პარაპლანით ფრენებზე რეგულაციების გამკაცრების საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შემთხვევას ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი ემსხვერპლა.
ტრაგედიის დღესვე, შსს-ს გადაწყვეტილებით, პარაპლანით ფრენები აიკრძალა.
საქართველოს მთავრობამ 8 მაისს ,,პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის“ შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
სხვა სიახლეები
სექტორი ნამდვილად იზრდება - გიორგი დოლიძე სასტუმრო ინდუსტრიაზე
18.06.2026.19:00
„სექტორი ნამდვილად იზრდება“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის ზრდა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აძლიერებს.
„ეტაპობრივად, ყველა ჩართული რგოლისა და სექტორის ძალისხმევის წყალობით, წლიდან წლამდე ვცდილობთ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე, ვცდილობთ ღირსეულად დავაფასოთ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები და შევუქმნათ მათ შესაბამისი მოტივაცია. ეს სწორედ ის ამომავალი წერტილია, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულმა თითოეულმა ვიზიტორმა საქართველო ბედნიერმა და კმაყოფილმა დატოვოს.
ჩემი აზრით, ნებისმიერ რეკლამასა და მარკეტინგზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ადამიანი საკუთარ მეგობრებს, ნათესავებსა თუ ახლობლებს, თუნდაც Facebook პოსტებითა და Instagram Story-ებით, ურჩევს, რომ ეწვიონ საქართველოს და აქ დაისვენონ“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.
მისივე თქმით, ეს ძალიან გავრცელებული მეთოდია, რომელსაც, როგორც წესი, კარგი, დადებითი და სწრაფი ეფექტი აქვს.
„სექტორი ნამდვილად იზრდება. სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა. ვფიქრობ, დღეს ყველა წამყვანი საერთაშორისო ბრენდია საქართველოში წარმოდგენილი უშუალოდ თუ შვილობილი ქვებრენდების მეშვეობით. ეს ქვეყნის იმიჯს მეტ დამაჯერებლობას მატებს და სხვა წამყვან თუ მდიდრულ სასტუმრო ბრენდებსაც კი აფიქრებინებს, რომ სწორედ ახლაა ის პერიოდი, როდესაც შეუძლიათ ჩვენს ინვესტორებთან ერთად თამამი ნაბიჯი გადადგან.
საქართველოში მაღალი კატეგორიის ბრენდების შემოსვლა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი მაღალი კლასის ობიექტი გვჭირდება როგორც დედაქალაქში, ისე ბათუმსა თუ სხვადასხვა რეგიონში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ამას ნამდვილად იმსახურებს. საქართველომ უკვე აჩვენა ბრენდინგის ის შედეგები, რაზეც წეღან ვისაუბრეთ საერთაშორისო მასშტაბით გამოავლინა დიდი დაინტერესება, უსაფრთხოება, საინვესტიციო საიმედოობა და ეკონომიკური სტაბილურობა.
სწორედ ამიტომ, ქვეყანაში განსახორციელებელი მთავარი ამოცანა მსგავსი სახის აქტივობების მხარდაჭერაა. როგორც მაღალ, ისე დაბალ სეზონზე მეტი ტურისტის მოზიდვა და შემოსავლების წილის დაბალანსება ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასე რომ, უახლოეს მომავალს საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ. აქამდეც არ გვაკლდა და განებივრებულები ვიყავით საერთაშორისო ბრენდების შემოსვლით, ბოლო წლებში კი ეს მაჩვენებელი ერთი-ორად გაიზარდა“, - განაცხადა დოლიძემ.
HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ აღნიშნა, რომ სასტუმროების რაოდენობის ზრდა საქართველოში ტურისტებისთვის განთავსების უფრო მრავალფეროვან არჩევანს ქმნის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მისი თქმით, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
„თავისთავად, ეს გარკვეულ კონკურენციასაც ქმნის, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპები ყოველთვის 100 პროცენტით დაბალანსებული ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა ერთ ან ორ წელიწადში რამდენიმე მშენებლობა ერთდროულად დასრულდეს და ბევრი ობიექტი ერთბაშად გაიხსნას, შემდეგ კი ახალ მშენებლობებს დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ეს საშუალებას გვაძლევს, ჩამოსულ ტურისტებსა და დამსვენებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი განთავსების ობიექტები შევთავაზოთ.
რა თქმა უნდა, ამ პროცესს მხოლოდ ინფრასტრუქტურული მნიშვნელობა არ აქვს ის ქვეყანაში სერვისის დონესაც ზრდის. გარდა ადგილობრივი, შიდა რესურსით ჩატარებული ტრენინგებისა, ბრენდული სასტუმროს გახსნისას პროცესში უშუალოდ ბრენდის წარმომადგენლები ერთვებიან. ისინი თავად უზრუნველყოფენ პერსონალის მომზადებას, სტანდარტების დანერგვასა და შემდგომ მონიტორინგს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა დოლიძემ.