ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს 74,4 კმ სიგრძის 12 ბილიკი მონიშნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საფეხმავლო ბილიკების მარკირებას აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს, 74,4 კმ სიგრძის 12 ბილიკი მოინიშნა: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისის შემოგარენში.
ბოლო წლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 131 ინდივიდუალური, ასევე ქსელური ბილიკები მონიშნა. მათი ჯამური სიგრძე 1590 კმ-ს შეადგენს და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს, ხშირ შემთხვევაში რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველა სამთო-სალაშქრო ბილიკის ერთიან სისტემაში მოქცევა.
ბილიკების მოწყობა ხელს უწყობს აქტიური თავგადასავლების სტიმულირებას საქართველოში, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს აძლევს უსაფრთხო და ორგანიზებული მოგზაურობის შესაძლებლობას, რომ გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტი და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.