ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-თან ერთად ახალ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს
ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე Tripadvisor-ის კლიენტებთან ურთიერთობისა და ტურისტული მიმართულებების ხელმძღვანელს ენტონი პაუელს შეხვდა.
Tripadvisor-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვის საკითხები განიხილეს.
„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 2025 წელს დასახული მიზნების შესახებ, თუ როგორ დაეხმარება Tripadvisor-ი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიზნების განხორციელებაში. დავგეგმეთ თუ რა ტიპის ისტორიები უნდა მოვუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და წარმოვაჩინოთ თქვენი ქვეყნის სიძლიერე და კულტურა“, - განაცხადა Tripadvisor-ის წარმომადგენელმა ენტონი პაუელმა.
ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.