ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს
ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურის ფარგლებში ინდოელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი და წყალტუბო მოინახულეს. მედიის წარმომადგენლები მესტიას ეწვევიან, დაათვალიერებენ ჰაწვალს, ლატალს, უშგულს. ტურის განმავლობაში ინდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს კულტურას, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო და გამაჯანსაღებელ კურორტებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.
მედიის წარმომადგენლები ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის “New Indian Express”-სა და “Deccan Herald”-ისთვის სტატიებს მოამზადებენ. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში მილიონობით მკითხველი და სოციალური ქსელების მომხმარებელი გაეცნობა.
„საქართველოში პირველად 5 წლის წინ ვიყავი, ძალიან მომწონს ძველი თბილისის არქიტექტურა, განსაკუთრებით კი ძველებური აივნები, გოგირდის აბანოები და ეკლესიები. ძალიან მიზიდავს თქვენი კულტურა, სამზარეულო და რა თქმა უნდა ღვინო. გამორჩეულად მომწონს ხალხი, მათი განწყობა. ვამბობდი ოდესმე საქართველოში დავბრუნდებოდი და აი აქ ვარ, თბილისთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურებ და მკითხველს საქართველოს გავაცნობ“,-აცხადებს ტურის მონაწილე კაპლანა სომასანდერი. პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა. თბილისსა და დელის შორის ავიაკომპანიამ Indigo კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი ფრენები დაიწყო.Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.