ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად გეგმავს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას - მაია ომიაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს ჩინეთში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
„ჩინელი ტურისტები ძალიან აქტიურად მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში და ნამდვილად ძალიან სასურველი ტურისტები არიან და გამოირჩევიან შორ დისტანციაზე მოგზაურობით, ხანგრძლივი დასვენებით და შესაბამისად მაღალმხარჯველუნარიანობით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დამატებისა და სიხშირეების გაზრდის შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან ძალიან აქტიურად დაიწყებს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას, როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ბიზნესის დაახლოების მიზნით. ჩვენ წავიყვანთ ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთში, დავეხმარებით ადგილობრივ ბიზნესთან კონტაქტების დამყარებაში, საქართველოში ჩამოვიყვანთ ჩინურ ტურისტულ კომპანიებს, ერთობლივად გაცვლით ტურებს მოვაწყობთ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდად ჩინეთიდან საქართველოში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.