ტურიზმის 2024 წლის დინამიკა და 2025 წლის მოლოდინები - Galt & Taggart
ვიზიტორების დინამიკა: 2024 წელს საქართველოს 6.5 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. აქედან, 2024 წელს ტურისტების რაოდენობამ 5.1 მლნ ვიზიტორი შეადგინა და პირველად დაუბრუნდა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებლებს. ამასთან, ტურისტების ყველაზე მკვეთრი აღდგენა პირველ კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო კვარტლებში აღდგენის დინამიკა შედარებით შესუსტდა - 2024 წლის აღდგენა 2019 წელთან შედარებით კვარტალურად შემდეგნაირად ნაწილდება: 106.4%, 95.2%, 100.3% და 100.8%. აღნიშნული შენელება პოლიტიკურმა არასტაბილურობამ განაპირობა, რაც განსაკუთრებით აისახა ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობის შენელებაზე. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 40.9%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენ კვარტლებში კი საშუალოდ 1.8%-ით ჩამორჩებოდა წინა წლის მაჩვენებლებს. ჯამურად, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
შემოსავლები ტურიზმიდან: 2024 წელს საქართველომ 4.4 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-იანი ზრდაა. 2024 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ. კერძოდ, ტურისტული შემოსავლები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან, შესაბამისად 41.6%, 17.9% და 21.2%-ით. შემოსავლების ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აზიის ბაზრებმა, განსაკუთრებით ჩინეთმა და ინდოეთმა შეიტანა მაშინ, როცა თითქმის ყველა ტრადიციული ბაზრიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. ისტორიულად, ტურიზმის შემოსავლების ყველაზე მსხვილი წყარო რუსეთია, თუმცა 2024 წელს რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 2.0%-ით შემცირდა 850 მილიონ აშშ დოლარამდე.
2025 წლის მოლოდინები: გალტ & თაგარტის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს 5.3 მლნ ტურისტი ეწვევა საქართველოს, იმ დაშვებით, რომ მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა ძირითადად პირველი კვარტლის ტურისტულ ნაკადებზე აისახება. ამასთან, მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, გალტ & თაგარტი არც პესიმისტურ სცენარში პროგნოზირებს ტურისტული ნაკადების მკვეთრად შემცირებას, აზიის ბაზრებიდან მზარდი ნაკადების გათვალისწინებით. რაც შეეხება შემოსავლებს, გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი. ამასთან, ტურიზმისთვის პოზიტიური ფაქტორი იქნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვრის მოსალოდნელი გახსნა.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ გალტ & თაგარტის ვებ-გვერდზე აქ, სადაც ასევე მოცემულია სასტუმროების და Airbnb-ის მონაცემები.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.