ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და იმის დადასტურება, რომ მთლიანად სექტორი სწორი მიმართულებით ვითარდება - ირაკლი ნადარეიშვილი
„ტურიზმის სექტორში მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული, დაახლოებით 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რომელმაც 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და იმის დადასტურება, რომ მთლიანად სექტორი სწორი მიმართულებით ვითარდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის ჭრილშიც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით თითქმის 4%-იანი ზრდა ფიქსირდება - ეს დაახლოებით 2 მილიარდ აშშ. დოლარს შეადგენს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
„პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ასევე გაუმჯობესებულია პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი თითქმის 36%-ით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წლიდან წლამდე ტურიზმის სექტორი სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების კონტრიბუცია, ზრდის მაჩვენებელი, რომელთა ხარჯზეც აღნიშნული რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. საგულისხმოა, რომ ამ კუთხით საკმაოდ ვრცელი გეოგრაფია, სხვადასხვა რეგიონებია წარმოდგენილი. მაგალითად, ევროკავშირიდან შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი, ისრაელიდან - თითქმის 17%-ით. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტურისტული შემოსავლები აზერბაიჯანიდან - თითქმის 42%-ით, საუდის არაბეთიდან 21%-ით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შედეგები დარგის განვითარების მიზნით მთავრობის ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობასთან ერთად, იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებითაა განპირობებულია, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ დაკავშირებადობას მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ ბაზრებთან და მიმართულებებთან.
„დღეს ჩვენს ავიაბაზარზე 70-ზე მეტია ავიაკომპანია ოპერირებს 110-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულებით. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც დიდ როლს თამაშობს იმ კუთხით, რომ ჩვენ წლის განმავლობაში თითქმის ყველა მიმართულებით რეკორდულ მაჩვენებლებს ვაფიქსირებთ - ტურისტების რაოდენობის, შემოსავლების და სხვა იმ პარამეტრების თვალსაზრისით, რომლითაც კონკრეტულ პერიოდში აღნიშნული დარგის წარმატება იზომება. ჩვენი მოლოდინია, რომ ტურიზმის დარგის და შესაბამისად, აქედან მიღებული შემოსავლების ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
პრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
21.01.2026.17:00
ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.
„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.