თუ არ განვავითარეთ ერთი მხრივ, ახალი ბაზრები და მეორე მხრივ კონკურენტუნარიანი შეთავაზებები, სექტორი წინ ვერ წავა - მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში მიმდინარე B2B შეხვედრები და საერთაშორისო ღონისძიებები ახალი ბაზრების ათვისებისა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევა მიზნად ისახავს ბაზრების დივერსიფიკაციას და გლობალური ტურისტული რყევების გავლენის შემცირებას, თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ფაქტორების ფონზე ბაზრების სრულ ჩანაცვლებას მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნება სწრაფი ეფექტი.
„თუ არ განვავითარეთ, ერთი მხრივ, ახალი ბაზრები და, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი შეთავაზებები, სექტორი წინ ვერ წავა. მით უმეტეს ისეთ მძაფრ კონკურენტულ გარემოში, რომელსაც რეგიონში არსებული კონფლიქტებიც ემატება.
მიუხედავად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში მოსალოდნელი რყევებისა, გვჯერა, რომ ბაზრების ჩანაცვლებით, დამატებითი აქტივობებითა და კერძო სექტორთან ერთობლივი ღონისძიებებით, შევძლებთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური გავლენა.
რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას სრულად ვერ აღმოვფხვრით. თუ გადავხედავთ ჩვენი ვიზიტორების ტოპ ათეულსა თუ თხუთმეტეულს, იქ ყოველთვის ფიგურირებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ბუნებრივია, მათი ერთი ხელის მოსმით, ერთ თვეში ჩანაცვლება შეუძლებელია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გადათამაშება ვერ მოხდება“, - აცხადებს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
საკმაოდ ინტენსიური აქტივობები გვაქვს დაგეგმილი ზაფხულისა და შემოდგომის სეზონებისთვის, პარალელურად კი უკვე აქტიურად ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის - მაია ომიაძე
15.04.2026.12:05
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორი ცოცხალი ორგანიზმია, რის გამოც გეგმები კვარტლურად გადახედვასა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება. მისი თქმით, გლობალური მოვლენების ფონზე საქართველო აგრძელებს ბაზრების დივერსიფიკაციას, ტრადიციულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებსა და ახალი ქვეყნების ათვისებას, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო გამოფენებს, ისე ზაფხული-შემოდგომის სეზონებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.
„ვინაიდან ტურიზმი თავისი ბუნებით ძალიან ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით დასახული გეგმების შესრულებას. კვარტალური მონაცემების - იქნება ეს შემოსავლების სტატისტიკა თუ ვიზიტორების რაოდენობა - ანალიზის საფუძველზე, საჭიროებისამებრ, ჩვენს სამოქმედო გეგმაში გარკვეული კორექტივები შეგვაქვს.
მიმდინარე მსოფლიო მოვლენები გვიბიძგებს, გარკვეულწილად გადავხედოთ ჩვენს გეგმებს. თუმცა, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ხედვა - ბაზრების დივერსიფიკაცია და ტრადიციულ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება.
ჩვენ საკმაოდ ინტენსიური აქტივობები გვაქვს დაგეგმილი ზაფხულისა და შემოდგომის სეზონებისთვის, პარალელურად კი უკვე აქტიურად ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის.
ჩვენს დღის წესრიგშია ახალი მიმართულებები, ახალი ქვეყნები და ახალი გამოფენები. სულ მალე, მაისის ბოლოს, საქართველო შანხაიში, ITB China-ზე, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ეროვნული სტენდით ღირსეულ პრეზენტაციას გამართავს.
ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ბიზნესსექტორი ჩვენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული სამუშაო დღეები გველოდება. ვფიქრობთ, ჩინური მხარეც არანაკლები ინტერესით ელოდება ამ დღეს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო მასშტაბის პროექტებია, მათ შორის საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება მსოფლიოს წამყვან მედია გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, Financial Times, Condé Nast Traveller და Vogue, სადაც ქვეყანა ყოველწლიურად პოზიტიურად არის წარმოდგენილი.
როგორც ომიაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელი ტურიზმის მიმართულებით იქნება აქტიური და დატვირთული, მრავალმხრივი საერთაშორისო კამპანიებითა და ახალი ინიციატივებით.