წარმატებული ტურისტული სეზონი და საერთაშორისო ტურიზმიდან გაზრდილი შემოსავლები - მაია ომიაძემ BAG-ის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნო
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
მაია ომიაძემ ბიზნეს სექტორს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლებისა და მოგზაურთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ბიზნეს სექტორს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, ვინც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობენ წლის შედეგები გავაცანით. შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდა წლის განმავლობაში, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც დადგა, ჩვენ რეკოდული მონაცემებით ვასრულებთ 2025 წელს, როგორც ვიზიტების, ასევე შემოსავლების ნაწილში. სწორად დაგეგმილმა, ერთობლივმა მუშაობამ, როგორც ახალი ფრენების მიმართულებით, ასევე სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვით, ჩვენ მივიღეთ ძალიან წარმატებული ტურისტული სეზონი და იმედი გვაქვს, მომავალი წელი უფრო აქტიური იქნება. 2026 წელს ახალი ინიციატივებითა და გეგმებით ველოდებით ბევრად მეტ საერთაშორისო მოგზაურს",-განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.