თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა - ფორბსი
საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემა „ფორბსმა“ პლატფორმა Tripadvisor-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის თბილისმა მეორე ადგილი დაიკავა.
Tripadvisor-ის Travelers’ Choice Awards-ის ფარგლებში გამოქვეყნებული რეიტინგი მილიონობით მოგზაურის შეფასებებსა და მიმოხილვებს ეფუძნება, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ობიექტურ საერთაშორისო ტურისტულ ინდიკატორად აქცევს.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე, კულტურულ დაწესებულებებსა და ხელოვნების ახალ სივრცეებზე, რომლებიც ქალაქს თანამედროვე და ამავე დროს ავთენტურ სახეს უნარჩუნებს.
სტატიაში ნახსენებია რუსთაველის გამზირი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.
„2026 წელი ის პერიოდია, როდესაც თბილისი საბოლოოდ იმკვიდრებს ადგილს გლობალურ ტურისტულ რუკაზე, საქართველოს დედაქალაქი შესაძლებლობებით სავსე ქალაქია, რაც ნათლად აისახება ახალგახსნილ სივრცეებში, რომლებიც მის კულტურულ და ტურისტულ ლანდშაფტს ქმნის“ -აღნიშნულია სტატიაში.
თბილისთან ერთად Forbes-ისა და Tripadvisor-ის 2026 წლის ტრენდული მიმართულებების ათეულში მოხვდნენ: მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუი ნიონი (ვიეტნამი), პუერტო ესკონდიდო (მექსიკა), მილანი (იტალია), გლაზგო (შოტლანდია), აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), რესიფი (ბრაზილია) და სან-კარლოს-დე-ბარილოჩე (არგენტინა).
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.