სვანეთში, ოთხსეზონიანი სასწავლო /საწვრთვნელი ბაზების მოწყობის პროექტზე ვიწყებთ მუშაობას - მარიამ ქვრივიშვილი
ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანთან მიშელ ვიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ფედერაცია დადებითად აფასებს ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს და საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ საქართველო დღეს უკვე არის ყოველწლიური სათხილამურო ჩემპიონატების მსოფლიო კალენდრის ნაწილი.
„სასიხარულო და საამაყოა, რომ გუდაური და ბაკურიანი მიმდინარე წლის ბოლოდან მომდევნო წლების განმავლობაში ყოველწლიურად უმასპინძლებს მსოფლიო თასებს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მორიგი აღიარებაა და უდიდესი შესაძლებლობაა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად, იწყება მუშაობა სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელ პროექტზე, რომელიც განხორციელების შემთხვევაში, თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით რეგიონში პირველი მსგავსი ტიპის, მაღალი დონის სპორტული ბაზა იქნება.
„ვიწყებთ მუშაობას მორიგ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელი ბაზის დაარსებას გულისხმობს. პროექტის განხორციელება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების საფუძველზე მოხდება. პირველ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება რეგიონის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით და სვანეთი უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლისათვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.