„Starring Georgia-ს“ ფარგლებში, საქართველოს წელს უპრეცედენტოდ ბევრი ტურისტი ეწვევა
„Starring Georgia-ს“ ფარგლებში, წელს საქართველო უპრეცედენტოდ ბევრ ტურისტს ელოდება. მხოლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის თბილისს 20 000-მდე ტურისტი ეწვევა, რაც გასული 2 წლის მუსიკალური სეზონის ჯამურ მაჩვენებელსაც კი აღემატება.
აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბილეთების სტატისტიკის მიხედვით, უცხო ქვეყნებში მცხოვრები მელომანების ინტერესი არა მხოლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკის, არამედ „Starring Georgia-ს“ მიერ უკვე დაანონსებული სხვა არტისტების — „Guns N' Roses-ისა“ და „Empire Of The Sun-ის“ კონცერტების მიმართაც მზარდია.
წელს განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ მელომანები ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად: ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან თუ ბულგარეთიდან. ტიმბერლეიკის კონცერტისთვის ბევრი ტურისტი ჩამოდის, ასევე, აშშ-დან და კანადიდანაც კი. გარდა ამისა, საკმაოდ მასშტაბური იქნება ტურისტების რაოდენობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელთა შორის წელს ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ. ჩვენს ქვეყანას, ასევე, ესტუმრებიან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან და კატარიდან.
აღსანიშნავია, რომ წელს უჩვეულოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორებიც არიან: იაპონია, ტაილანდი, ვიეტნამი, ფილიპინები და სხვა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ყველა, ანუ 55 000 ბილეთი რეკორდულად სწრაფად, 6 საათში გაიყიდა. საქართველოდან ბილეთები 35 000-მდე მომხმარებელმა შეიძინა.
თუ „Starring Georgia-ს“ გასული 2 წარმატებული სეზონის ფარგლებში საქართველოს 18 750 ტურისტი ეწვია, წელს მათი რიცხვი გაცილებით დიდი იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. წლევანდელ „ვარსკვლავთცვენას“ „ციცინათელაში“ 30 მაისს დაგეგმილი „Guns N' Roses-ის“ კონცერტი გახსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი მაისშივე დაიწყება. გააქტიურდება სასტუმროები, რაც, თავის მხრივ, კვების, ტრანსპორტირებისა და ტურიზმის მომიჯნავე სხვა სფეროების გააქტიურებას გამოიწვევს. გააქტიურდებიან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც ათობით ათას ტურისტს საკუთარ მომსახურებას შესთავაზებენ.
თუ ციფრებზე ვისაუბრებთ, გასული 2 წლის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „Starring Georgia-ს“ მიერ გამართული ღონისძიებების ფარგლებში, მხოლოდ უცხოელი ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საბოლოო ჯამში, 2 წლის განმავლობაში „Starring Georgia-მ“ 125 000 მელომანი გააერთიანა, გასული წლის მაისში კი, არატურისტულ სეზონზე 2-ჯერ შეძლო შეკვეთილში ქართველი და უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც წელს უნდა ველოდოთ.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.