სეზონის დაწყებამდე რეალურად 1,5 თვე გვაქვს იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ და მაქსიმალურად მოვემზადოთ - მაია ომიაძე
ტურიზმის სექტორი ბოლო წლებში არაერთი საგარეო გამოწვევის მიუხედავად რეკორდულ მაჩვენებლებს ინარჩუნებს და განვითარებას აგრძელებს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სექტორის წარმატება და რეკორდული მაჩვენებლების გაუმჯობესება კოორდინირებული მუშაობისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგია, რაც დარგს საშუალებას აძლევს საგარეო გამოწვევებს უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს.
აღსანიშნავია, რომ დარგში არსებულ გამოწვევებზე და გეგმებზე სასაუბროდ მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და მათგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
„ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორი საკუთარ რეკორდებს ხსნის. ეს განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ფონზე, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დარგი, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, სექტორი ახერხებს ფეხზე მყარად დადგომას და საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით დაბრუნებას. ეს ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევის, სწორი მუშაობის შედეგია, რაც ძალიან დიდი და ძლიერი გუნდის დამსახურებაა. ძალიან შეთანხმებულად სტრატეგიულად ვმუშაობთ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს სხვა უწყებებთან - ეს არის განსაკუთრებით აეროპორტების გაერთიანება და ავიაციის სექტორი, სხვანაირად ასეთი შედეგები რა თქმა უნდა არ იდება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. სწორედ ამ მიდგომით მოვდივართ წლების განმავლობაში, რაც მუდმივად გვაძლევს შესაძლებლობას, საგარეო შოკები შედარებით მსუბუქად გადავიტანოთ.
სხვადასხვა ბაზრებზე მუდმივი სტრატეგიული მუშაობა ჩვენი პრიორიტეტია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს გლობალურ ტურიზმზე და, ბუნებრივია, საქართველოც არ არის გამონაკლისი.
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ვიზიტორების ტოპ ათეულში შემავალი ქვეყნების ნაწილი ამჟამად კონფლიქტის ზონაშია, რის გამოც ბოლო პერიოდში არაერთი ავიარეისი გაუქმდა. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ვფიქრობ, რომ პირველი კვარტალის შედეგები მაინც არ იქნება ნეგატიური“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მაია ომიაძის თქმით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და ტურისტულ ბაზრებზე არსებული არასტაბილური ვითარებისა, საქართველოში ტურიზმის სექტორი წლის პირველ კვარტალში პოზიტიურ მაჩვენებლებს ელოდება.
„მივიჩნევთ, რომ პირველი კვარტალის საწყისი ორი თვე საკმაოდ წარმატებული იყო. კერძო სექტორთან შეხვედრებისას თავად ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ გუდაურში მსგავსი მასშტაბის ზამთრის სეზონი ჯერ არ ყოფილა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ კვარტალში ბალანსის შენარჩუნებას შევძლებთ, რაც უახლოეს მომავალში კონკრეტულ ციფრებშიც აისახება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები და იდეები, რომლებსაც სექტორთან ერთად განვიხილავთ. აეროპორტებიდან მჭიდრო თანამშრომლობით უკვე დავამუშავეთ რამდენიმე სცენარი და ვარიანტი: სად გვაქვს სიხშირეების გაზრდის, ახალი მიმართულებების დამატებისა და ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის შესაძლებლობა. საუბარია ტრადიციულ ბაზრებზე, სადაც ცნობადობა მაღალია და მოკლე ვადაში გარკვეული ინტერვენციებით ნაკადების ოპტიმალური გადანაწილებაა შესაძლებელი.
წინ ზაფხულის სეზონია, რომელიც ინდუსტრიისთვის წლის ყველაზე დატვირთული პერიოდია. სეზონის დაწყებამდე რეალურად 1,5 თვე გვაქვს იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ და მაქსიმალურად მოვემზადოთ.
აქტიურად ვმუშაობთ, მაღალი ცნობადობა გვაქვს შუა აზიის ქვეყნებში, სადაც ვფიქრობთ რომ შეიძლება დამატებითი ნაკადების წამოყვანა. ჩვენ ასევე განვიხილავთ ევროპულ ქვეყნებს, სადაც საქართველოს შესახებ ცნობადობა და ინტერესი მაღალია. ამ მიმართულებებით ფრენების სიხშირე უკვე დიდია, თუმცა არსებობს მათი შემდგომი მატების პერსპექტივა და რესურსიც. ვგულისხმობ პოლონეთს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას.
შუა აზიის გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩინეთი, რომელიც ჩვენი საიმედო სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებით არ შემოიფარგლება. როგორც იცით, ჩინეთში გვყავს წარმომადგენლობითი კომპანია და ვახორციელებთ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას. ტურისტული ნაკადები პროცენტულად უკვე გაზრდილია, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს“, - აცხადებს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
შიდა ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რისთვისაც ყოველწლიურად არაერთ ღონისძიებას ვახორციელებთ - მაია ომიაძე
15.04.2026.11:45
შიდა ტურიზმი საქართველოს ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარების მიზნით მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი და სერვისების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. მაია ომიაძის თქმით,
„შიდა ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ყოველწლიურად არაერთ ღონისძიებას ვახორციელებთ, იქნება ეს სხვადასხვა ფესტივალი თუ პროექტები სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თუმცა, არის პერიოდები, როდესაც დამატებითი წამახალისებელი აქტივობები განსაკუთრებით გვჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითი პანდემიის პერიოდი იყო. სწორედ შიდა მოგზაურებმა გადაარჩინეს მაშინ ქართული ტურიზმი.
კამპანიები „იმოგზაურე საქართველოში“ და „აღმოაჩინე ის, რაც შენია“ სამოქალაქო საზოგადოებამ მყისიერად აიტაცა. იმ პერიოდში მთელი ქვეყანა ახალი ადგილების აღმოჩენის პროცესში აქტიურად ჩაერთო და, ალბათ, თითოეულმა ჩვენგანმა მინიმუმ ერთი ახალი ლოკაცია მაინც აღმოვაჩინეთ.
ამ აქტივობამ რეალურად გადამწყვეტი როლი ითამაშა სექტორის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. ახლაც მიგვაჩნია, რომ ის გარკვეულ წილად დაეხმარება სექტორს არსებული გამოწვევების დაბალანსებაში.
მოგეხსენებათ, იწყება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის, „გემო ფესტის“ ახალი სეზონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. ამასთანავე, ვგეგმავთ დამატებით ღონისძიებებს, რაზეც კერძო სექტორთან ერთად უკვე ვიმსჯელეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ არა მხოლოდ ტურისტული კომპანიებისა და გიდების, არამედ მსხვილი, საშუალო და მცირე სასტუმროების წარმომადგენლებიც.
მჯერა, რომ ასეთი კოორდინირებული ძალისხმევით შევძლებთ, მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებულად დავასრულოთ“, - აცხადებს მაია ომიაძე.