სეზონი მოლოდინს ვერ ამართლებს, ტურისტების რაოდენობა შემცირებულია - Inn Group-ი
2023 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ჯერჯერობით ნაკლებად აქტიურია. გარდა იმისა, რომ გარკვეულ დისკომფორტს უამინდობა ქმნის, კონკურენციის ფაქტორიც დიდია.
როგორც კომპანია Inn Group-ის ხელმძღვანელი ერეკლე კოკაია Busienss Insider Georgia - თან ამბობს, განსაკუთრებით შემცირდნენ ტურისტები არაბული ქვეყნებიდან, რადგან არჩევანი თურქეთზე გააკეთეს, რომელიც შედარებით დაბალი ტარიფებით გამოირჩევა.
„სეზონი ჯერჯერობით დიდი აქტიურობით ვერ გამოირჩევა, შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. თვითონ ტურისტულმა კომპანიებმა ჯგუფები ვერ შეავსეს, ადგილები დაახლოებით 10-15%-ით შეუმცირდათ და ასეა ჩვენთანაც. თუმცა სეზონი ჯერ კიდევ წინ არის და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ამინდის გავლენაც ნეგატიურია, თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, წელს არ მოხდა ადგილების შევსება იმ რაოდენობით, როგორსაც ველოდით“, - ამბობს კოკაია და ტურისტების რაოდენობის კლების მიზეზზეც დასძენს.
„ტურისტები ყველაზე მეტად არაბული ქვეყნებიდან დაგვაკლდა. ზოგადად, მაღალმხარჯველი სეგმენტია და ეს სექტორზე ნეგატიურად მოქმედებს. სტატისტიკურად ყველაზე მეტი ტურისტი ამ ქვეყნებიდანაა, მაგრამ შემცირებული რაოდენობით. კონკურენტ ქვეყნებზე გააკეთეს არჩევანი, მაგალითად თურქეთზე, რომელიც ჩვენზე დაბალ ფასს სთავაზობს.
ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ფასის ფაქტორია, შეიძლება სხვა ქვეყნებშიც ფასი დაბალია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მაინც ჩვენზე ქვეყანაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა თურქეთის შემთხვევა სხვაა. ამ ქვეყნის კურორტები შედარებით იაფია, კარგი და გამორჩეულია, რამაც ასევე მიიზიდა ტურისტები“, - ამბობს ერეკლე კოკაია.
ცნობისთვის, Inn Group ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც 7 სასტუმროს, 3 საწარმოსა და 1 სამშენებლო კომპანიას აერთიანებს.
სხვა სიახლეები
29.09.2025.16:50
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ.
ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media, წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ.
პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.