სექტორის მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გამართლდა - ნატა კვაჭანტირაძე
სექტორის მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გამართლდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება სექტემბერ-ოქტომბერის პერიოდშიც.
„მოლოდინები, რომელიც სექტორს ქონდა მიმდინარე სეზონთან მიმართებაში გამართლდა. აგვისტო იყო განსაკუთრებით აქტიური როგორც ევროპელი ტურისტების, ასევე აღმოსავლეთიდან ჩამოსული ვიზიტორების თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნებოდა რეგიონებში, რაც ძალიან მისასალმებელია. აგვისტოს განმავლობაში ისინი საგრძნობლად გააქტიურდნენ.
სეზონი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდშიც შენარჩუნდება ეს პოზიტიური ტენდენცია.
ვიმედოვნებთ, რომ კვარტალურ ჭრილში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები იქნება ძალიან დამაკმაყოფილებელი. ეს ინფორმაცია კი ბიზნესს საშუალებას მისცემს, დაგეგმოს სამომავლო საქმიანობა.
ნებისმიერი შედეგი წარმოადგენს იმ წინაპირობას, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ჩვენი კერძო სექტორი საერთაშორისო ბაზრებზე,“ - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხოელი ტურისტების იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლები და უშუალოდ მესამე კვარტლის სტატისტიკა ოფიციალურად 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. ეს მონაცემები ნათლად ასახავს, რამდენად აქტიური იყო საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადი ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.