სასტუმროებში მომხმარებლების დანახარჯები 16%-ით გაიზარდა - TBC Capital
2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის მარტში. აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს ამ თვეში.
მიმდინარე წლის მარტში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 30 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა თითქმის 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.
2025 წლის მარტში, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 51%-იანი, ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია.
სხვა სიახლეები
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გუდაურის განვითარების პროცესში და სამინისტროსგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს - ლევან დარსალია
10.11.2026.14:57
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გუდაურის განვითარების პროცესში და სამინისტროსგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„როგორც ვახსენე, ორი ბიგელის ტიპის საბაგირო ყენდება Snow Park-ის არეალში, ჯამურად 1 400 მეტრის სიგრძის. 200-მეტრიანი ხალიჩა დაყენდება, რომ დამწყებების არეალი იყოს მოწესრიგებული და ძალიან მიმზიდველი ჩვენი დამსვენებლებისთვის. ასევე, ახალი გუდაურას ტრასა აღიჭურვება ღამის განათებით, დაემატება ორი სასრიალო ტრასა, ჯამში 6 კილომეტრის სიგრძის, და 7,5 კმ-ის ტრასები აღიჭურვება გათოვლიანების სისტემით.
მიზანმიმართულად შევარჩიეთ, პირველ რიგში, Snow Park-ის არეალის განვითარება, იმიტომ რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტ დამწყებ მოსრიალეს შევთავაზოთ ჩვენი სერვისები და, რა თქმა უნდა, პირველ წელს რაც უფრო მეტი ახალი დამწყები გვეყოლება, შესაბამისად, უკვე უფრო მეტი საშუალო დონის მოსრიალე გვეყოლება. და, რა თქმა უნდა, ჩვენ სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. არამარტო გუდაურში, არამედ სხვა კურორტებზეც ვგეგმავთ დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლის შესახებაც უკვე მომავალ წელს ვამცნობთ ჩვენს მომხმარებლებს.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული ზოგადად ამ პროცესში. განსაკუთრებულად სამინისტროს ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ და არამხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსი, არამედ სხვა უწყებების, რომლებიც ზოგადად არიან ჩართულები გუდაურის მართვაში. და დარწმუნებული ვარ, რომ წელს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი და ის გამოწვევები, რაც ჩვენ გვქონდა გასული წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უკვე დავიწყებთ ამ გამოწვევების აღმოფხვრას“, - აცხადებს ლევან დარსალია.