საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში - ანა გვაზავა
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „ვოიაჟერის“ წარმომადგენელი ანა გვაზავა.
„საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ვეცნობით ახალ პარტნიორებს და გვაქვს ახალი კონტაქტები, მეტი შანსი აქვს ნებისმიერ კომპანიას მეტად წარმატებულად იმუშაოს საქართველოს ბაზარზე. საამიროებიდან კვირაში 21 ავიარეისი სრულდება, ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 3 საათია, რაც ძალიან მოსახერხებელია. წინა წელთან შედარებით აღინიშნება ტურისტული ნაკადის ზრდა. რაც ძალიან კარგად აისახა ტურიზმის მიმართულებაზე. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას“.
ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
10.12.2025.11:48
პრესტიჟული, ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია სათაურით „გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში” ჟურნალის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ის მკითხველს აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. „ბათუმი შავ ზღვასა და კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული საქართველოს ზღვისპირა მარგალიტია. ის გიხსნით კარს აჭარის ველური და ხელუხლებელი ბუნებისკენ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ შთაბეჭდილებებს ბადებს და ცნობისმოყვარე მოგზაურებს ავთენტური შეხვედრებისკენ მიუძღვება. ასე რომ, უკვე შეგიძლიათ განსხვავებული გამოცდილებებით გამორჩეული მოგზაურობა დაგეგმოთ აქ,“ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება სტატია, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავაგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები.
„Wanderlust" თავგადასავლების მაძიებლებს ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით სარგებლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს ბათუმში ვიზიტისას ჩირუხის მთას ესტუმრონ. „გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ზიპლაინი - ეს ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი ორზოლიანი ზიპლაინია. ასე, რომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი დაიმგზავრეთ და გასწიეთ საქართველოს ალპებში შუადღის ჰაერის მიერ მოტანილი განსაკუთრებული ადრენალინის გამოსაცდელად. ფრენას იწყებთ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე და გადაუფრენთ თვალწარმტაც ალპურ მდელოებს და მწვანე ბორცვებს. ჩირუხის ზიპლაინი ნამდვილად გამორჩეულ სამოგზაურო გამოცდილებას შეგძენთ“.
სტატიაში საუბარია ალპური მდელოებისა და იალაღების დალაშქვრის შესაძლებლობებზეც, რაც მოგზაურებს ადგილობრივების გაცნობისა და ახალი თავაგადასავლების მიღების საშუალებას აძლევს. „ბათუმი აჭარის დედაქალაქია და იგი მცირე კავკასიონის მთების ძირში მდებარეობს. მისი ულამაზესი ალპური ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის ლაშქრობისა და ქვეყნის ხელშეუხებელი კუთხეების გასაცნობად. გაზაფხული და ზაფხული აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დროა — ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს, რომლებიც ყოველწლიურად შინაურ ცხოველებთან ერთად აჭარულ მთებში სახლობენ და მესაქონლეობას ეწევიან. მათი ცხოვრების წესის ასე ახლოდან გაცნობა მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა“.
აჭარულ სამზარეულოზე საუბრისას, სტატიის ავტორი მკითხველს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ღვინის მარნებში სტუმრობისკენაც მოუწოდებს. „აუცილებლად გასინჯეთ „იახნი“ - ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც საქონლის მკერდის მსუქანი ნაჭრები იშუშება ნელ ცეცხლზე და იკმაზება სპეციალური სანელებლებითა და ნიგვზით. რეგიონისთვის კიდევ ერთი სახასიათო კერძია, ბორანო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ადგილობრივ ყველს ასხამენ დამდნარ ადგილობრივ კარაქს, რის შედეგადაც მიიღება ფონდიუს მსგავსი კერძი, თუმცა აჭარული კერძი უფრო კალორიულია“.
აჭარული სამზარეულოს გაცნობის შემდეფ ჟურნალი მკითხველს ზორტიყელის მთაში ცხენებით ჯირითისა და აჭარის მრავალფეროვანი ველო ბილიკების დალაშქვრისკენ მოუწოდებს. „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამორჩეულ, სხვადასხვა დონის ველო - მარშრუტებს გთავაზობთ. თუ მარშრუტს ბათუმიდან დაიწყებთ და ბათუმის ზღვისპირა ველობილიკებით გაისერნებთ, ნახავთ სუბტროპიკული მცენარეებით გამწვანებულ ბათუმის კენჭიან სანაპიროებს და ულამაზეს სოფლებს. ბუნების მოყვარულებს, იუნესკოს მიერ აღიარებული ქობულეთის დაცული ტერიტორიის ტორფნაზე გამავალი დაკლაკნილი ბილიკები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეგიონის საოცრად მრავალფეროვან ჰაბიტატებს. აქაური ბილიკები ასევე შესაფერისია ყველა დონის ველოსიპედისტებისთვის. უფრო გამოცდილი, მთის ველოთავგადასავლების მაძიებლებმა კი ახლომდებარე აჭარის მთებს უნდა მიაშურონ, სადაც რთული მთის ველოსიპედის მარშრუტები დახვდებათ - ბილიკები ალპურ ტყეებსა და მდელოებში გაგატარებთ და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მთებზე გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედებით“.
„Wanderlust" მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემაა, რომელიც ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. სტატიის ლინკი :
https://www.wanderlustmagazine.com/inspiration/experience-the-ultimate-adventure-in-batumi-georgia/