საქართველოს ავიაბაზარზე Norwegian-ის შემოსვლას საკმაოდ დადებითი შედეგები ექნება, ვინაიდან ნებისმიერი პირდაპირი მიმართულების დამატება თავისთავად იწვევს ტურისტების მოზიდვას - მაია წერეთელი
საქართველოს ავიაბაზარზე Norwegian-ის შემოსვლას საკმაოდ დადებითი შედეგები ექნება, ვინაიდან ნებისმიერი პირდაპირი მიმართულების დამატება თავისთავად იწვევს სტუმრების მოზიდვას ამ ქვეყნებიდან და ამის მაგალითრბი სახეზეა მთელი წლის განმავლობაში, - აცხადებს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი.
მისივე განმარტებით, გარდა შემომყვანი ტურიზმისა, ბაზარზე სკანდინავიური ავიაკომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი იქნება გამყვანი ტურიზმის კუთხითაც.
„საქართველოდან ძალიან ბევრ ქართველს მიეცემა ისეთი ქალაქის მონახულების საშუალება, როგორიც არის კოპენჰაგენი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში, რაც კი რომელიმე ევროპის ქვეყანაში ვიმოგზაურე, უმეტეს შემთხვევაში ადამიანების უმეტესობამ დააფიქსირა სურვილი თბილისის და ბათუმის მონახულების. ეს კი სავარაუდოდ გამოიწვია სწორ ბაზრებზე რეკლამებმა და ასევე საერთაშორისო გამოფენებმა, რომლებშიც ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ როგორც სასტუმროების მიმართულებით, ისე ტურისტული სააგენტოების კუთხით - რეალურად გამოფენებში მონაწილეობით შევძელით ბევრი ადამიანისთვის გაგვეცნო საქართველო. შესაბამისად, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა როგორც ჩვენთან ჩამოსვლელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით იქნება საინტერესო, ასევე მნიშვნელოვანია ის საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობის კუთხით“, - განმარტავს მაია წერეთელი.
McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის შემდეგ ბიზნესმა ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ორმხრივი ხელშეკრულებები გააფორმოს და რაც შეიძლება მეტი ტურისტი დააინტერესოს.
„ცხადია, ახლა უკვე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შორის მოხდეს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება სტუმრების გაცვლაზე და ვიზიტების დაგეგმვაზე. ჩვენ, სასტუმროების მხრიდან, შეგვიძლია მათ საკმაოდ კარგი ფასები შევთავაზოთ, განსაკუთრებული შეთავაზებები გავუკეთოთ სკანდინავიის ქვეყნებიდან მოზიდულ სტუმრებს. ბევეი სამუშაო იქნება დასაგეგმი როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტუროპერატორების მხრიდან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა კარგ შედეგებსაც დაველოდებით“, - განმარტავს McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ევროპული ავიაკომპანია Norwegian იწყებს.
Norwegian კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში ორჯერ შესრულდება.
ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სკანდინავიის ქვეყნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის ამ მიმართულებით დაკავშირებადობას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
სხვა სიახლეები
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი
13.03.2026.13:55
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია. მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს.
„სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების „მაისი 2020“, „ჰობი“, „გეონატურალი“, „აგროლაინი“, „აჩინებული“ და „წყალი მარგებელი“ წარმოებული პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.
საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026 აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისოღონისძიებაა. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.