საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ათამაშებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით 2 ავიაბილეთს ათამაშებს. გათამაშება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე Kutaisi_airport მიმდინარეობს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, მომხმარებელს გამოწერილი ჰქონდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი.
გათამაშების პირობების მიხედვით, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ინსტაგრამ გვერდზე Kutaisi_airport, დაიდება კითხვა. პოსტზე პირველი სწორი პასუხის ავტორი, მონიშნულ მეგობართან ერთად, 2026 წელს ვენეციაში სამოგზაუროდ გაემგზავრება.
გამარჯვებული ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ღია თარიღით მიიღებს. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ პირებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენეციის ახალი მიმართულება 2 დეკემბრიდან დაემატა. პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ სრულდება.
ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.