საქართველომ 3 თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო - მარიამ ქვრივიშვილი
წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში - პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1.300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აქედან მილიონამდე ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2.2 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად პროპორციულად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ასევე ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა - საქართველომ პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან 826 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდის დინამიკას - მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემოსავლებმა 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს 42.8%-ით, ხოლო 2024 წლის მონაცემებს კი - 2.3%-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტების რიცხვი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აგრეთვე ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ყურის ქვეყნებიდან.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში იმისთვის, რომ მუდმივად იზრდებოდეს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, ხდებოდეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ გასული პერიოდში აქტიური სამუშაოები აწარმოა ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოსაყვანად. შედეგად, დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია 100-მდე პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
„ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, მათ შორის როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“, „იზიჯეტი“, „ედელვაისი“ - ხელს უწყობს ახალი სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, ასევე ჩვენი პოლიტიკის გაძლიერებას, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას და კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვას. სიახლეები ავიაციისა და ტურიზმის სექტორში განაპირობებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები მიმდინარე წლის ბოლომდე და დარწმუნებულები ვართ, რომ ტურიზმის ინდუსტრია და ავიაციის სექტორი 2025 წლის ბოლოს ახალ წარმატებებს მიაღწევს“, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
10.12.2025.11:48
პრესტიჟული, ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია სათაურით „გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში” ჟურნალის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ის მკითხველს აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. „ბათუმი შავ ზღვასა და კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული საქართველოს ზღვისპირა მარგალიტია. ის გიხსნით კარს აჭარის ველური და ხელუხლებელი ბუნებისკენ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ შთაბეჭდილებებს ბადებს და ცნობისმოყვარე მოგზაურებს ავთენტური შეხვედრებისკენ მიუძღვება. ასე რომ, უკვე შეგიძლიათ განსხვავებული გამოცდილებებით გამორჩეული მოგზაურობა დაგეგმოთ აქ,“ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება სტატია, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავაგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები.
„Wanderlust" თავგადასავლების მაძიებლებს ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით სარგებლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს ბათუმში ვიზიტისას ჩირუხის მთას ესტუმრონ. „გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ზიპლაინი - ეს ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი ორზოლიანი ზიპლაინია. ასე, რომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი დაიმგზავრეთ და გასწიეთ საქართველოს ალპებში შუადღის ჰაერის მიერ მოტანილი განსაკუთრებული ადრენალინის გამოსაცდელად. ფრენას იწყებთ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე და გადაუფრენთ თვალწარმტაც ალპურ მდელოებს და მწვანე ბორცვებს. ჩირუხის ზიპლაინი ნამდვილად გამორჩეულ სამოგზაურო გამოცდილებას შეგძენთ“.
სტატიაში საუბარია ალპური მდელოებისა და იალაღების დალაშქვრის შესაძლებლობებზეც, რაც მოგზაურებს ადგილობრივების გაცნობისა და ახალი თავაგადასავლების მიღების საშუალებას აძლევს. „ბათუმი აჭარის დედაქალაქია და იგი მცირე კავკასიონის მთების ძირში მდებარეობს. მისი ულამაზესი ალპური ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის ლაშქრობისა და ქვეყნის ხელშეუხებელი კუთხეების გასაცნობად. გაზაფხული და ზაფხული აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დროა — ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს, რომლებიც ყოველწლიურად შინაურ ცხოველებთან ერთად აჭარულ მთებში სახლობენ და მესაქონლეობას ეწევიან. მათი ცხოვრების წესის ასე ახლოდან გაცნობა მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა“.
აჭარულ სამზარეულოზე საუბრისას, სტატიის ავტორი მკითხველს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ღვინის მარნებში სტუმრობისკენაც მოუწოდებს. „აუცილებლად გასინჯეთ „იახნი“ - ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც საქონლის მკერდის მსუქანი ნაჭრები იშუშება ნელ ცეცხლზე და იკმაზება სპეციალური სანელებლებითა და ნიგვზით. რეგიონისთვის კიდევ ერთი სახასიათო კერძია, ბორანო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ადგილობრივ ყველს ასხამენ დამდნარ ადგილობრივ კარაქს, რის შედეგადაც მიიღება ფონდიუს მსგავსი კერძი, თუმცა აჭარული კერძი უფრო კალორიულია“.
აჭარული სამზარეულოს გაცნობის შემდეფ ჟურნალი მკითხველს ზორტიყელის მთაში ცხენებით ჯირითისა და აჭარის მრავალფეროვანი ველო ბილიკების დალაშქვრისკენ მოუწოდებს. „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამორჩეულ, სხვადასხვა დონის ველო - მარშრუტებს გთავაზობთ. თუ მარშრუტს ბათუმიდან დაიწყებთ და ბათუმის ზღვისპირა ველობილიკებით გაისერნებთ, ნახავთ სუბტროპიკული მცენარეებით გამწვანებულ ბათუმის კენჭიან სანაპიროებს და ულამაზეს სოფლებს. ბუნების მოყვარულებს, იუნესკოს მიერ აღიარებული ქობულეთის დაცული ტერიტორიის ტორფნაზე გამავალი დაკლაკნილი ბილიკები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეგიონის საოცრად მრავალფეროვან ჰაბიტატებს. აქაური ბილიკები ასევე შესაფერისია ყველა დონის ველოსიპედისტებისთვის. უფრო გამოცდილი, მთის ველოთავგადასავლების მაძიებლებმა კი ახლომდებარე აჭარის მთებს უნდა მიაშურონ, სადაც რთული მთის ველოსიპედის მარშრუტები დახვდებათ - ბილიკები ალპურ ტყეებსა და მდელოებში გაგატარებთ და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მთებზე გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედებით“.
„Wanderlust" მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემაა, რომელიც ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. სტატიის ლინკი :
https://www.wanderlustmagazine.com/inspiration/experience-the-ultimate-adventure-in-batumi-georgia/