საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
2023 წლის 18 სექტემბერს, საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.