რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება - Wellbeing Magazine
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.
Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტმა შებს ალომმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია ტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჟურნალისტმა დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა.
„საქართველოში არასდროს ვიყავი ნამყოფი, ამ ტურით აღფრთოვანებული დავრჩი, თბილისიდან ქუთაისსა და წყალტუბოში მცირე ხნით მოგზაურობის შემდეგ ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მივიღე, რომელსაც არ ველოდი. საქართველო საოცრად მომხიბვლელია“, - წერს Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტი.
სტატიის ავტორი აღწერს საქართველოს გამაჯანსაღებელ კურორტებს, ველნეს პროცედურებს, წყალტუბოს სპა ცენტრებს, სადაც უძველესი, ბუნებრივი მინერალური და თიხის საშუალებები გამოიყენება. როგორც შებს ალომი აღნიშნავს, საქართველოს ველნეს კურორტებზე პროცედურები ეფექტურია და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომია.
„ველნეს ცენტრების მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკიდან დაწყებული, თბილისის უძველესი გოგირდის აბანოებით გაგრძელებული და წყალტუბოს ცენტრებით დამთავრებული საქართველო საოცარი გამაჯანსაღებელი მიმართულებაა, რომელიც კონკურენციას უწევს ევროპულს“, - წერს შებს ალომი.
სხვა სიახლეები
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის - კლოდ ჟურნე
17.04.2026.12:10
თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.
ფრანგული კომპანია „Echapevoo“-ს წარმომადგენელი კლოდ ჟურნე საქართველოს MICE ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული გლობალური გამოწვევებისა, რომლებიც გავლენას ახდენს საქმიან ტურიზმზე, საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია.
„მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის. ჩვენი კომპანია სწორედ ამ სფეროში ვსპეციალიზდებით და მხოლოდ ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ. ბიზნესი კი, ზოგადად, სიფრთხილით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, საქართველოსთვისაც გამოწვევაა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ფრანგს, ვინც საქართველოში ჩამოდის, ეს ქვეყანა ძალიან უყვარდება”, - აცხადებს კლოდ ჟურნე.
კლოდ ჟურნეს შეფასებით, Tarifa Summit და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენაში და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალი სასტუმროსა და იმ საუკეთესო შეთავაზებების გაცნობა, რისი მოცემაც საქართველოს შეუძლია. ჩვენი კლიენტები, როგორც წესი, მოკლე ვიზიტებისას სამი ან ოთხი ღამით რჩებიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების კონცენტრირება ისე, რომ ტრანსფერებზე ბევრი დრო არ დაიხარჯოს. მათ სურთ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ, რისთვისაც საქართველო საუკეთესო მიმართულებაა”, - აღნიშნა კლოდ ჟურნემ.