Radisson Blu Hotel Batumi-ში ქართული რესტორანი „მედეა“ ახალი ინტერიერითა და განახლებული მენიუთი დაბრუნდა
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, რადისონ ბლუ ბათუმის ქართული რესტორანი „მედეა“ განახლებული ინტერიერითა და მენიუთი ელოდება სტუმრებს. 168-ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის არქიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს, მიკელე დე ლუკის ეკუთვნის. სასტუმრო სილქ როუდ ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული პროექტია, რომელიც ბათუმში 2011 წელს გაიხსნა.
ქართული სამზარეულოს ხასიათი და ტრადიცია კარგად ჩანს „მედეას“ მრავალფეროვან მენიუში. ამასთან, აქ დაგხვდებათ წინანდლის მამულის ღვინოების ფართო არჩევანი. იმისთვის, რომ ბათუმში სასტუმროსა და გარე სტუმრებმა ბოლომდე შეიგრძნონ ავთენტური ქართული გემო, სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფმა — ირაკლი ასათიანმა და მისმა გუნდმა შეფ დავით კომახიძის ხელმძღვანელობით, საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მენიუს შექმნას.
ირაკლი ასათიანის თქმით, „რესტორანი მედეას“ განახლება პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მომხმარებლის მოლოდინი არის საკმაოდ მაღალი. „სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა გუნდმა დიდი ენერგია დავუთმეთ თითოეულ დეტალს. ჩვენ ვეცადეთ, ყველა ის გემო მოგვეტანა მომხმარებლამდე, რაც ქართულ კულინარიას განსხვავებულს ხდის, თავისი მრავალფეროვნებით და ხასიათით“.
განსხვავებულ კონცეფციას სრულყოფილად აქცევს რესტორნის დიზაინი, რომელიც Noa Studio-ს ეკუთვნის. დახვეწილი, ელეგანტური ინტერიერი დახურულ სივრცეში ნათელი და თბილი ფერებით გამოირჩევა. გამწვანებულ ტერასაზე სტუმრების მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე ელოდება. ამ ზონაში კომფორტული მოსასვენებელი სივრცე მოეწყო სტუმრებისთვის. საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეები ზღვასთან კავშირის შეგრძნებას ამძაფრებს და სტუმრებში სასიამოვნო ემოციას აღძრავს.
სასტუმროსა და რესტორნის მართვას ახორციელებს სილქ ჰოსფითალითი.
სხვა სიახლეები
30.07.2025.16:00
სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.
„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს.
„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები, არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.
„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.
სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.
„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.
„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.
მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის.
რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ.
„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.