რაჭაში იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, სხარტალი, ბეთლევი, შხივანა - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება - შერჩეულია მრავალძალი. ჩვენ გვქონდა დავალება პრემიერ-მინისტრისგან, ვაწარმოეთ არაერთი კვლევა, მოვიკვლიეთ სხვადასხვა ადგილები და შეირჩა მრავალძალი, როგორც ერთ-ერთი გამოკვეთილად საინტერესო მიმართულება, სადაც სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, გეგმაზომიერად განახორციელებს კურორტის განვითარებას.
ჩვენი ამოცანაა, მრავალძალი იყოს ოთხსეზონიანი კურორტი, შესაბამისად მოხდება კურორტის დაგეგმარება. აღნიშნულ პროცესში ჩვენ პირველივე დღიდან ჩავრთავთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, რათა სწორად იყოს კურორტის კონცეფცია შერჩეული და შემდგომ მოხდეს მისი განვითარება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ინვესტორებთან, რათა მათი ჩართულობით სწრაფად მოხდეს ინფრასტრუქტურული განვითარება. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება აღნიშნულ პროექტს რაჭისთვის. ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად გაიზრდება ტურისტული ნაკადები, იქნება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გააძლიერებს რაჭის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამასთანავე, იდენტიფიცირებულია სხარტალის ტერიტორია და ბეთლევის, ისევე როგორც შხივანას. ჩვენ ვუყურებთ აღნიშნულ მიმართულებებს დამატებითი საკურორტო ზონის შექმნის თვალსაზრისით და დარმწუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ და ორ ახალ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შევძენთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, გავაჩენთ ახალ მიზიდულობის წერტილებს”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თითოეული კურორტი უნდა იყოს ოთხსეზონიანი და დაგეგმარებაც შესაბამისად განხორციელდება.
“მოხდება კურორტების ისე დაგეგმარება, რომ საბოლოო ჯამში, ეს კურორტები უპასუხებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურების მოლოდინებს,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.