რა სიახლეებს შესთავაზებს სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili სტუმრებს
სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ი მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონს მაღალი მოლოდინებით ხვდება. Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ისა და Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორმა თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, რომ 2025 წელს უფრო მეტი სტუმრის მიღების მოლოდინი აქვს, ვიდრე გასულ წელს ჰყავდათ. მისივე თქმით, Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ის მაგალითზე უფრო აქტიურია ინდივიდუალური ჯავშნები.
„შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მაღალი მოლოდინები გაქვს. სტუმრებს აქტიურად ველოდებით ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე დიდი მოლოდინები გაქვს აზერბაიჯანიდან.
მეტი სტუმრის მისაღებად ჩვენ გასულ პერიოდში ინტენსიურად ვიმუშავეთ. სამიზნე ბაზრებზე გარდა მარკეტინგული კამპანიებისა, გვქონდა პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც კორპორატიულ მიმართულებებზე მუშაობენ“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, წელს Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს სტუმრებს მიმდინარე ტურისტულ სეზონზე დიდი სიახლეები ელოდებათ, რაც მათ გართობასა და დასვენებას უფრო კომფორტულს გახდის.
„წელს Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ში ჩასულ სტუმარს ბევრი სიახლე ელოდება, მათ შორისაა ის, რომ სანაპირო ზოლში ვამატებთ ღია ლაუნჯ ბარს. ეს საკმაოდ დიდი სიახლე იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის, რადგანაც ჩვენ მსგავსი სივრცე სანაპირო ზოლში არ გვქონდა.
გეტყვით, რომ თვითონ რესტორანში გვემატება აზიური რესტორანი. ვფიქრობ ეს ჩვენს სტუმრებს ძალიან დააინტერესებთ“, - აცხადებს სასტუმროს გაყიდვების დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ თამუნა ჩხაიძე Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ისა და Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi-ს სახელით ამ წუთებში დუბაიში მიმდინარე Arabian Travel Market-ში იღებს მონაწილეობას და საქართველოთი და საქართველოში არსებული Paragraph-ებით უცხოელი ბაიერების თუ ტურისტული კომპანიების დაინტერესებას ცდილობს.
„ახლა დუბაიში ვიმყოფები. გამოფენა ახლახან დაიწყო და გარკვეული დეტალების თქმა კვირის ბოლოს შემეძლება, თუმცა საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და ეს ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. საკმაოდაა გაზრდილი ასევე ინტერესი ინდოეთიდან. ამ მხრივ ძალიან ბევრი გვიკავშირდება და ჩვენი გაყიდვა სურთ“, - აცხადებს თამუნა ჩხაიძე.
Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ის სტუმრების 65%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებიც სასტუმროში საშუალოდ 2-დან 4 ღამემდე რჩებიან.
სხვა სიახლეები
30.07.2025.16:00
სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.
„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს.
„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები, არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.
„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.
სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.
„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.
„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.
მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის.
რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ.
„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.