ქუთაისის აეროპორტის განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და პირდაპირი მიმართულებების ზრდას - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობასა და აეროპორტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.
აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3500 მეტრის ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფუნდამენტის მოწყობა, ინერტული მასალების შეტანა, ასფალტის დაგება, ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე დასრულების ეტაპზეა მიწის საექსკავაციო პროცესი და მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკის საფუძვლის მოწყობისა და თვითმფრინავების სადგომ ბაქანზე ცემენტბეტონის საფარის სამუშაოები. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარამდეა.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს - ჩვენს ქვეყანაში პირველად აშენდება სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. მისი დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მომსახურებას შეძლებს. ეს ნიშნავს რეისებს უფრო შორი მანძილებიდან, ასევე ტვირთების მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის აეროპორტის როლს ქვეყნის ეკონომიკაში და ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტი გამოირჩევა სწრაფად მზარდი დინამიკით, რაც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ და პირდაპირი ფრენებისა და სიხშირეების ზრდამ განაპირობა. მისი თქმით, 2025 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 238 458 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. „მიმდინარე წელს ვგეგმავთ აეროპორტის განვითარების არსებული გეგმის რევიზიას, რათა გაიზარდოს სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 3.5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.