პირველ კვარტალში 20-25%-იანი ზრდა გვქონდა, თითქმის ყველა სასტუმრომ აჩვენა ეს შედეგი - ირაკლი ჭიღლაძე
2026 წლის პირველი კვარტალი საქართველოს ტურიზმისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყანაში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდაა.
კომპანია “Ka Group” წარმომადგენლის, ირაკლი ჭიღლაძის შეფასებით, კერძო სექტორისთვის პირველი კვარტალი წარმატებული იყო და დაგეგმილი ზრდის მაჩვენებლები პრაქტიკულად სრულად შესრულდა.
„პირველი კვარტალი, საბოლოო ჯამში, კარგად დასრულდა. იმასთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვქონდა, დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა, თითქმის ყველა სასტუმროში მივიღეთ ეს შედეგი. განსაკუთრებით კარგი იყო იანვარი და თებერვალი, როგორც სამთო კურორტებისთვის, ისე დედაქალაქისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.
მისივე თქმით, მარტის თვეში გლობალურმა პროცესებმა გარკვეული გავლენა იქონია, თუმცა სექტორმა შეძლო ადაპტაცია და ახალ რეალობასთან შეგუება. “მარტის თვე, მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე, არ იყო სახარბიელო, თუმცა აპრილისთვის უკვე მეტ-ნაკლებად გადავეწყვეთ ახალ რეალობაზე და მოვახერხეთ, თავი გაგვერთმია ამ გამოწვევისთვის” - აღნიშნავს იგი.
ჭიღლაძემ ხაზს უსვამს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობების მნიშვნელობას, რომლებიც პირდაპირ აისახება ტურისტულ ნაკადებზე. მისი თქმით, წინა წლის ბოლოს გამართულმა შეხვედრებმა უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები.
„გასული წლის ნოემბერში ბარსელონაში, საკონვენციო ბიუროსთან ერთად, ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა. ამ შეხვედრებიდან მიღებული შედეგები უკვე გამოჩნდა იანვარ-თებერვალში, განსაკუთრებით სამთო კურორტების მიმართულებით, ხოლო სხვა ქალაქებში ამ ეფექტს უფრო მაის-ივნისში ველოდებით,“ - აცხადებს ჭიღლაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.2% - ით მეტია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები გვაძლევს შესაძლებლობას, ტურისტული ნაკადების ზრდა შევინარჩუნოთ - შალვა ხუციშვილი
15.04.2026.17:26
2026 წლის პირველი კვარტალი საქართველოს ტურიზმისთვის ახალი რეკორდით აღინიშნა: იანვარ-მარტის პერიოდში ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-იანი ზრდაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან დაფიქსირდა, სადაც ვიზიტების რაოდენობა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.2%-ით გაიზარდა.
ტურისტული კომპანია „Georgian Bus“-ის დირექტორის, შალვა ხუციშვილის შეფასებით, წლის დასაწყისი კერძო სექტორისთვისაც პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო, მისი თქმით, იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით აქტიური იყო ისრაელის ბაზარი, რაც ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. თუმცა გლობალურმა პროცესებმა მარტის თვეში სექტორზე გარკვეული გავლენა იქონია.
მისივე შეფასებით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, სექტორში პოზიტიური მოლოდინები კვლავ შენარჩუნებულია და არსებული ტენდენციის აღდგენის პერსპექტივა რეალურია.
„ტურისტების მოზიდვაში ძალიან გვეხმარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებები, იქნება ეს B2B შეხვედრები თუ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა მარკეტინგული კამპანია, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ საქართველო და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, რაც საბოლოოდ ამ დადებითი ტენდენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს,“ - აცხადებს შალვა ხუციშვილი.