ევროპის მიმართულებებიდან, საიდანაც პირდაპირი ფრენები გვაქვს, გაცილებით მეტი სტუმარი შემოდის - ნატა კვაჭანტირაძე
მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდა აჩვენებს, რომ გაუმჯობესებულია ის შედეგები რაც ამ პერიოდში გამოწვევების ფონზეც შეიძლება იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომელმაც 2025 წლის 6 თვის ტურიზმის სტატისტიკა შეაფასა.
გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ( I-II კვარტალი) საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების 6.9%-ით გაიზარდა.
„ჯერ სეზონი არ დასრულებულა და სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა იძლევა იმის აღქმას რომ ჯერ კიდევ რაოდენობრივ ჭრილში არ გაქვს ის სურათი რაც შეიძლება იყოს ზაფხულის სეზონისთვის. თუმცა მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდა აჩვენებს, რომ გაუმჯობესებულია ის შედეგები რაც ამ პერიოდში გამოწვევების ფონზეც შეიძლება იყოს. ზაფხულის პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის და კერძო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოიყვანოს ჩვენს ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ ის დანახარჯები, რომელიც სექტორმა გაწია წლის დასაწყისიდან სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში იყოს გამართლებული და ეს გამართლება აისახოს ტურისტების რაოდენობაზე.
ასოციაციის წევრების მოკვლევის საფუძველზე არის იმის დაფიქსირების საშუალება, რომ ასოციაციის წევრები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით. რაც შეეხება კომპანიებს, რომელიც აქცენტს უშუალოდ ევროპის მიმართულებაზე აკეთებენ ჯერ კიდევ უწევთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა როგორც მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი კიდევ იყოს მათი თვალსაწიერის არეალში. ამისათვის ძალიან ბევრს შრომობს ზოგადად ტურისტული კომპანიები. რაც შეეხება აზიის ქვეყნებს, ეს მიმართულება ისედაც გააქტიურებულია ამ პერიოდის განმავლობაში, რასაც პირდაპირი ავიამიმოსვლები უწყობს ხელს. თუმცა ევროპის მიმართულებები, საიდანაც პირდაპირი ავიამიმართულებებიც ფიქსირდება, გაცილებით მეტი სტუმარი შემოდის ქვეყანაში. ამას ტურისტული კომპანიები ცალსახად აღნიშნავენ. თუმცა ეს არ არის ის მაჩვენებელი, რაც ამ პერიოდისთვის კმაყოფილების შეგრძნებას გვიტოვებდეს. პირიქით, ახლა არის უფრო მეტად გააქტიურების დრო. კიდევ უფრო მეტ გამოფენებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ მარკეტინგული აქტივობები. როგორც ვიცი ჩრდილო ევროპის ქვეყნებში დაგეგმილია აქტიური მარკეტინგული კამპანიები, რადგანაც მარკეტინგული კამპანიები ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ცნობიერება და ცნობადობა საქართველოს მისამართით, როგორც საქართველო - სამოგზაურო ადგილი, უსაფრთხო და საინტერესო ქვეყანა, როგორც თავისი ავთენტურობით, კულტურით, გასტრონომიით. თავისთავად ამაზე აქცენტირება ბევრ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენ ქვეყანა ტურისტულად ვიყოთ წარმატებული, არამხოლოდ სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
მან არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ტურიზმზეც პოვებს ასახვას.
„ყოველ წელს მოჰყვება გამოწვევები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალური მასშტაბით. შესაბამისად ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელზედაც ძალიან მყისიერად მოქმედებს ნებისმიერი გამოწვევა და თავისთავად ის ფაქტი, რომ რეგიონის ჭრილში საომარი მოქმედებებია ესეც აისახება ტურიზმის განვითარებაზე“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.