მზარდი მოთხოვნის გამო კოტეჯების ხაზი დავამატეთ - ,,შატო ატენი“
ატენის ერთადერთი რეგისტრირებული ცქრიალა ღვინოს მწარმოებელი საქართველოში ,,შატო ატენის" ტერიტორიაზე კოტეჯები განთავსდა. მცირე მარნის მფლობელ სოსო ვანიშვილისთვის ეს პარალელური ბიზნესია, რომლის ფარგლებშიც იგი ტურისტების მიღებას შეძლებს.
როგორც მეღვინე Business Insider Georgia- თან ამბობს, კოტეჯების მშენებლობა მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული და სამომავლოდ ამ სერვისის უფრო მეტად განვითარებასა და ახალი კოტეჯების დადგმას გეგმავს.
„კოტეჯამდე იყო მხოლოდ მარანი, სადაც მოდიოდნენ სტუმრები და იმართებოდა დეგუსტაცია და უკან ბრუნდებოდნენ. მომხმარებლების მზარდი მოთხოვნის გამო კოტეჯების ხაზის დამატება გადავწყვიტეთ. შესაბამისად, წელს, ბაზისბანკთან პარტნიორობით სამი ახალი კოტეჯი აშენდა, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრები.
პროექტი საკმაოდ წარმატებულია, მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ გაფართოებას და სამომავლოდ 6 კოტეჯის დამატებას ვგეგმავთ. პროექტს სავარაუდოდ მომავალ წელს განვახორციელებთ. მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ თავისუფალი კოტეჯის არარსებობის გამო ხშირად გვიწევს ვიზიტორებისთვის განთავსებაზე უარის თქმა. დამატებითი კოტეჯის გახსნა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტ სტუმარს ვუმასპინძლოთ", - ამბობს სოსო ვანიშვილი.
რაც შეეხება ტარიფებს, კოტეჯში განთავსების ღირებულება დღიურად 200 ლარია. კოტეჯში შეიძლება განთავსდეს 3-4 ადამიანი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 160 000 ლარია.
ცნობისთვის, ,,შატო ატენი" გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში მდებარეობს. საოჯახო მარანი 2016 წლიდან დაფუძნდა. 2020 წელს კი საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.