მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც იტალიაში გაიმართა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„ჩვენი ქალაქის ეს მნიშვნელოვანი აღიარება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ტურიზმის სფეროს განვითარება და მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.
ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ღირებულებები განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ქვეყანას. მჯერა, რომ ამ ფასეულობების შენარჩუნებასთან ერთად, შევძლებთ რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და ზოგადად ქვეყნის შესაძლებლობების წარმოჩენაზე დადებითად აისახება,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ აჭარის მთავრობის წევრები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე.
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.
World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.
სხვა სიახლეები
წლევანდელ გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია - შატო მუხრანის წარმომადგენელი
09.11.2025.16:46
შანხაიში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენას China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, 40-მდე ქართული კომპანია ესწრება. სასურსათო პროდუქციას და ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, მათ შორის, ქართულ ღვინოს, ერთი პავილიონი მთლიანად აქვს დათმობილი.
„წლევანდელ გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. საქართველოს პავილიონებს საკმაოდ ბევრი ხალხი სტუმრობს. დამთვალიერებლები მოდიან, აგემოვნებენ ქართულ ღვინოს, მოსწონთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღვინო არც ისე იაფია, მზად არიან, გადაიხადონ და შეიძინონ. იმედი გვაქვს, შანხაის გამოფენა დაგვეხმარება, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ და მომავალში ჩვენი ღვინის მომხმარებლები გახდნენ“, - აღნიშნა შატო მუხრანის წარმომადგენელმა მიხეილ კობალაძემ.
შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის უდიდეს გამოფენა China International Import Expo (CIIE) 5-10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. გამოფენა მონაწილე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაამყარონ ახალი ბიზნესკონტაქტები პოტენციურ დისტრიბუტორებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან და საცალო ქსელებთან.
საქართველო Expo-ზე უკვე მერვედ მონაწილეობს. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.
China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.