მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი სტანდარტის შესაბამისი სერვისები არსებობდეს, ასეთი იქნება ბიზნეს ლაუნჯი - მარიამ ქვრივიშვილი
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის სერვისების განვითარების კუთხით. დღეს ხელი მოვაწერეთ ჩვენს პარტნიორ Visa-სთან ერთად თანამშრომლობს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს ვიწყებთ - აეროპორტს მიმდინარე წლის ბოლოს უკვე Visa-სთან ერთად შექმნილი ლაუნჯი დაემატება", - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
Visa ციფრული გადახდების გლობალური ლიდერია, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს მოაწყობს. პარტნიორობის შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. პროექტის თანახმად, ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და რამდენიმე ზონას მოიცავს - მოსასვენებელ, სამუშაო და კვების ზონებს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი სტანდარტის შესაბამისი სერვისები არსებობდეს, რაც კარგი გამოცდილების მომტანი იქნება მგზავრებისთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნეს ლაუნჯი სწორედ ასეთი სივრცე იქნება. მისი ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია, რომ მიმდინარე წელს შემუშავდეს აეროპორტის შემდგომი განვითარების გეგმა უშუალოდ სამგზავრო ტერმინალის გაფართოების კუთხით.
„გასული წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო - ჩვენ ვუმასპინძლეთ 2 მლნ-მდე მგზავრს. მიმდინარე წლის ოთხი თვეც, ფაქტობრივად, რეკორდულია - ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ მგზავრსა და ტურისტს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი ტერმინალის გამტარობა 2,5 მლნ მგზავრია წელიწადში, თუმცა, არსებული ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ვხედავთ საჭიროებას, რომ განვაახლოთ და რევიზია გავუკეთოთ განვითარების გეგმას და არსებული აეროპორტი უახლოეს ვადებში 5 მლნ მგზავრამდე გავაფართოვოთ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბიზნეს ლაუნჯის სივრცე მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან ამოქმედდება. ოპერირების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ლაუნჯი განსაკუთრებული დიზაინით იქნება გაფორმებული - თანამედროვე, მინიმალისტური კონცეფციით, ინტერიერი კი ადგილობრივ თემატიკაზე იქნება აგებული, კერძოდ, მითზე არგონავტების შესახებ. ინტერიერი ხაზს გაუსვამს ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას და ქალაქის ავთენტურობას.
აღსანიშნავია, რომ Visa-ს პრემიული კატეგორიის ბარათების მფლობელებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ბიზნეს სივრცის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს.
სხვა სიახლეები
ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
10.12.2025.11:48
პრესტიჟული, ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია სათაურით „გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში” ჟურნალის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ის მკითხველს აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. „ბათუმი შავ ზღვასა და კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული საქართველოს ზღვისპირა მარგალიტია. ის გიხსნით კარს აჭარის ველური და ხელუხლებელი ბუნებისკენ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ შთაბეჭდილებებს ბადებს და ცნობისმოყვარე მოგზაურებს ავთენტური შეხვედრებისკენ მიუძღვება. ასე რომ, უკვე შეგიძლიათ განსხვავებული გამოცდილებებით გამორჩეული მოგზაურობა დაგეგმოთ აქ,“ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება სტატია, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავაგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები.
„Wanderlust" თავგადასავლების მაძიებლებს ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით სარგებლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს ბათუმში ვიზიტისას ჩირუხის მთას ესტუმრონ. „გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ზიპლაინი - ეს ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი ორზოლიანი ზიპლაინია. ასე, რომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი დაიმგზავრეთ და გასწიეთ საქართველოს ალპებში შუადღის ჰაერის მიერ მოტანილი განსაკუთრებული ადრენალინის გამოსაცდელად. ფრენას იწყებთ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე და გადაუფრენთ თვალწარმტაც ალპურ მდელოებს და მწვანე ბორცვებს. ჩირუხის ზიპლაინი ნამდვილად გამორჩეულ სამოგზაურო გამოცდილებას შეგძენთ“.
სტატიაში საუბარია ალპური მდელოებისა და იალაღების დალაშქვრის შესაძლებლობებზეც, რაც მოგზაურებს ადგილობრივების გაცნობისა და ახალი თავაგადასავლების მიღების საშუალებას აძლევს. „ბათუმი აჭარის დედაქალაქია და იგი მცირე კავკასიონის მთების ძირში მდებარეობს. მისი ულამაზესი ალპური ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის ლაშქრობისა და ქვეყნის ხელშეუხებელი კუთხეების გასაცნობად. გაზაფხული და ზაფხული აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დროა — ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს, რომლებიც ყოველწლიურად შინაურ ცხოველებთან ერთად აჭარულ მთებში სახლობენ და მესაქონლეობას ეწევიან. მათი ცხოვრების წესის ასე ახლოდან გაცნობა მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა“.
აჭარულ სამზარეულოზე საუბრისას, სტატიის ავტორი მკითხველს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ღვინის მარნებში სტუმრობისკენაც მოუწოდებს. „აუცილებლად გასინჯეთ „იახნი“ - ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც საქონლის მკერდის მსუქანი ნაჭრები იშუშება ნელ ცეცხლზე და იკმაზება სპეციალური სანელებლებითა და ნიგვზით. რეგიონისთვის კიდევ ერთი სახასიათო კერძია, ბორანო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ადგილობრივ ყველს ასხამენ დამდნარ ადგილობრივ კარაქს, რის შედეგადაც მიიღება ფონდიუს მსგავსი კერძი, თუმცა აჭარული კერძი უფრო კალორიულია“.
აჭარული სამზარეულოს გაცნობის შემდეფ ჟურნალი მკითხველს ზორტიყელის მთაში ცხენებით ჯირითისა და აჭარის მრავალფეროვანი ველო ბილიკების დალაშქვრისკენ მოუწოდებს. „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამორჩეულ, სხვადასხვა დონის ველო - მარშრუტებს გთავაზობთ. თუ მარშრუტს ბათუმიდან დაიწყებთ და ბათუმის ზღვისპირა ველობილიკებით გაისერნებთ, ნახავთ სუბტროპიკული მცენარეებით გამწვანებულ ბათუმის კენჭიან სანაპიროებს და ულამაზეს სოფლებს. ბუნების მოყვარულებს, იუნესკოს მიერ აღიარებული ქობულეთის დაცული ტერიტორიის ტორფნაზე გამავალი დაკლაკნილი ბილიკები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეგიონის საოცრად მრავალფეროვან ჰაბიტატებს. აქაური ბილიკები ასევე შესაფერისია ყველა დონის ველოსიპედისტებისთვის. უფრო გამოცდილი, მთის ველოთავგადასავლების მაძიებლებმა კი ახლომდებარე აჭარის მთებს უნდა მიაშურონ, სადაც რთული მთის ველოსიპედის მარშრუტები დახვდებათ - ბილიკები ალპურ ტყეებსა და მდელოებში გაგატარებთ და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მთებზე გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედებით“.
„Wanderlust" მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემაა, რომელიც ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. სტატიის ლინკი :
https://www.wanderlustmagazine.com/inspiration/experience-the-ultimate-adventure-in-batumi-georgia/