მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც გახდა შესაძლებელი
პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი.
ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
„დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შარშან,დაახლოებით 120 000 ჰექტრით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბუნების დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ასევე, ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. გასულ წელს, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი, 5 თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 50%-ით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა.
მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
გასულ წელს დავიწყეთ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერის 3D განათების პროექტი, რაც უკვე დასრულდა და ვიზიტორებს უკვე საშუალება აქვთ, ღამის საათებში დაათვალიერონ ძალიან ლამაზი სანახაობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა მარტვილის კანიონზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა ოკაცეს ჩანჩქერზე უფასოდ შეძლებს იმოგზაუროს 3D განათების ფონზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები ზვიად შალამბერიძე და გიორგი გუგუჩია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
29.09.2025.16:50
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ.
ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media, წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ.
პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.