მაისში, ტურიზმიდან შემოსავლები 17%-ით გაიზარდა - გალტ & თაგარტი
2023 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.6%-ით გაიზარდა და 304 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის 5-9 ივნისის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ჯამურად, გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+60.5% წ/წ).
ამასთან,Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1 მილიარდ 045 მილიონი დოლარი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის განახლებული კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე ოთხი თვის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ით აღემატება.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102% - ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, ამ მაჩვენებელმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ი გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ.
სხვა სიახლეები
29.09.2025.16:50
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ.
ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media, წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ.
პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.