მაისისთვის უკვე იგრძნობა ჯავშნების ზრდა - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
ზაფხულის ტურისტულ სეზონს თბილისში მდებარე ბრენდი სასტუმროები პოზიტიური მოლოდინებით ხვდებიან. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ნატალია ჩანადირის ინფორმაციით, სეზონის წინ ჯავშნების რაოდენობა გაიზარდა.
“ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მაისის თვისთვის უკვე იგრძნობა ჯავშნების გაძლიერებული ზრდა. დატვირთულობა ნორმალურია. დაგვემატა British Airways-ის და Easyjet-ის პირდაპირი ფრენები, შედეგად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არამხოლოდ ბრიტანელ სტუმრებს, არამედ იმ მოგზაურებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც იყენებენ ამ ავიაკომპანიებს. მაგალითად თუ აშშ-დან ფრენის დროს ბევრი გადასხდომა სჭირდებოდათ, ამიერიდან მხოლოდ ერთხელ გადასხდომით მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლა. ეს ფრენები ხელს შეუწყობს, არამარტო ბრიტანელი, არამედ ამერიკელი სტუმრების რაოდენობის გაზრდას საქართველოში“-განაცხადა ნატალია ჩანადირმა.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ინფორმაციით, მიუხედავად არნახული კონკურენციისა, სასტუმრო მაქსიმალურად ცდილობს ფასების შენარჩუნებას და წელს სასტუმროში ფასები არ შემცირებულა.
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.