ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის საკმაოდ კარგი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი
ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ჯავშნების 70%-ი უკვე შევსებულია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, პოზიტიური მოლოდინების პარალელურად სახეზეა გამოწვევებიც, სექტორში კადრების მწვავე დეფიციტია.
„ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის საკმაოდ კარგი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯავშნების 70%-ი უკვე შევსებულია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ზოგადად, მიმდინარე ზაფხულზე განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს კადრების დეფიციტი. ეს გამოწვევა გასული წლის ზაფხულშიც იყო, მაგრამ წელს განსაკუთრებით გაზრდილია კადრებზე მოთხოვნა. შესაბამისად გვიწევს სკოლის მოსწავლეების დასაქმება, რომელთაც ცხადია სრული განაკვეთით ვერ დავასაქმებთ და იძულებულები ვართ შედარებით ნაკლებ საათებზე ვამუშაოთ, რაც ოპერირებას ართულებს. მათი დასაქმება საუზმეზე გვიწევს და თან ინტენსიურად ვატრენინგებთ, რათა გარკვეული ცოდნა დააგროვონ“, - აცხადებს მაია წერეთელი.
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ წელს საკმაოდ გააქტიურებულია ადგილობრივი ბაზარი.
„ადრე TOP 3 მიმართულება იკვეთებოდა, რომ იყო ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იყო მოთხოვნა ევროპიდანაც. თუმცა ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ გააქტიურდა და მეტ ინტერესს იჩენს. ამ ფონზე აქცენტს უკვე არა ჯგუფურ ჯავშნებზე, არამედ ინდივიდუალურ ჯავშნებზე ვაკეთებთ. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია პარასკევი-შაბათი-კვირა - ამ დღეებში შიდა ბაზრის წილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია. ის, რომ ადგილობრივი ბაზრის წილი იზრდება, კარგია თავად ქვეყნისთვისაც“, - ამბობს McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი.
მაია წერეთელი აცხადებს, რომ გაზრდილი ჯავშნების ფონზე მაღალ სეზონზე სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ში დარჩენილი ნომრები უკვე 20%-ით ძვირად გაიყიდება.
„რაც შეეხება ფასებს, ვინაიდან ჯავშნების რაოდენობამ მოიმატა, მოგვეცა იმის ფუფუნება, რომ დარჩენილ ჯავშნებზე ფასები გავზარდოთ. სამომავლოდ რაც კი ჯავშნები შემოვა იქ უკვე ყოველგვარ ფასდაკლებაზე საუბარი ზედმეტია და იქნება მხოლოდ გამოცხადებული ფასები. ტურისტული კომპანიების შემთხვევაში ცხადია ფასდაკლებით ხდება მიწოდება, რადგანაც ისინი ერთდროულად დიდი რაოდენობით ნომრებს ყიდულობენ. კომპანიებისგან ჯავშნები წინასწარაც აქტიურად გვქონდა და მათ ფასებს ზრდა არ შეეხება. თუმცა დანარჩენი ნომრების რაოდენობა ზაფხულის განმავლობაში, რაც დღეისათვის არ არის გაყიდული მაღალ ფასში გაიყიდება. წინა წელთან შედარებით ვფიქრობ, რომ 20%-იანი ზრდა გვექნება“, - ამბობს მენეჯმენტ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
მაია წერეთელი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ტურისტულ სეზონზე აჭარის რეგიონზე და მის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია.
„როდესაც რაიმე ციფრს ვასახელებ არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთ სასტუმროს. ჩვენ ყოველ კვირეულად და ყოველდღიურად მოგვდის შეჯამებული მონაცემები 5-6 კონკურენტი სასტუმროს მაგალითზე, საუბარია მაღალი სეგმენტის, 100-ზე მეტი ნომრის მქონე სასტუმროებზე. როდესაც 5-ზე მეტ სასტუმროში ანალოგიური სურათია და იმავდროულად ვიცით პატარა სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებლები- შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა მთლიანად აჭარაზე. საკმაოდ კარგი დატვირთვაა და ინდივიდუალური მოგზაურებიც, ისეთი ბაზრებიც კი, რომლებიც აქამდე არ გამოჩენილან ფრენების დამატებამ ამ ქვეყნებიდანაც ჩამოიყვანა სტუმრები“, - ამბობს მაია წერეთელი.
McInerney Hospitality International-ი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასტუმროს მართავს კადრების დეფიციტის ფონზე ხელფასების ზრდაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გარკვეულ პოზიციებზე ხელფასების ზრდა უკვე დაწყებულია.
„სერვისის კუთხით სიახლე ის გაქვს, რომ კადრები არ გვყოფნის და ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე ადგილზე მუშაობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან გვიჭირს კადრები. ამ ფონზე ხელფასების გაზრდა უკვე სახეზეა. ჩვენ გარკვეულ პოზიციებზე უკვე გავზარდეთ ხელფასები“, - აღნიშნავს მაია წერეთელი.
სხვა სიახლეები
30.07.2025.16:00
სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.
„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს.
„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები, არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.
„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.
სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.
„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.
„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.
მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის.
რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ.
„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.