სხვა სიახლეები
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გუდაურის განვითარების პროცესში და სამინისტროსგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს - ლევან დარსალია
10.11.2026.14:57
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გუდაურის განვითარების პროცესში და სამინისტროსგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„როგორც ვახსენე, ორი ბიგელის ტიპის საბაგირო ყენდება Snow Park-ის არეალში, ჯამურად 1 400 მეტრის სიგრძის. 200-მეტრიანი ხალიჩა დაყენდება, რომ დამწყებების არეალი იყოს მოწესრიგებული და ძალიან მიმზიდველი ჩვენი დამსვენებლებისთვის. ასევე, ახალი გუდაურას ტრასა აღიჭურვება ღამის განათებით, დაემატება ორი სასრიალო ტრასა, ჯამში 6 კილომეტრის სიგრძის, და 7,5 კმ-ის ტრასები აღიჭურვება გათოვლიანების სისტემით.
მიზანმიმართულად შევარჩიეთ, პირველ რიგში, Snow Park-ის არეალის განვითარება, იმიტომ რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტ დამწყებ მოსრიალეს შევთავაზოთ ჩვენი სერვისები და, რა თქმა უნდა, პირველ წელს რაც უფრო მეტი ახალი დამწყები გვეყოლება, შესაბამისად, უკვე უფრო მეტი საშუალო დონის მოსრიალე გვეყოლება. და, რა თქმა უნდა, ჩვენ სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. არამარტო გუდაურში, არამედ სხვა კურორტებზეც ვგეგმავთ დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლის შესახებაც უკვე მომავალ წელს ვამცნობთ ჩვენს მომხმარებლებს.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული ზოგადად ამ პროცესში. განსაკუთრებულად სამინისტროს ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ და არამხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსი, არამედ სხვა უწყებების, რომლებიც ზოგადად არიან ჩართულები გუდაურის მართვაში. და დარწმუნებული ვარ, რომ წელს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი და ის გამოწვევები, რაც ჩვენ გვქონდა გასული წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უკვე დავიწყებთ ამ გამოწვევების აღმოფხვრას“, - აცხადებს ლევან დარსალია.